ზურაბ ჯაფარიძემ მანდატების შენარჩუნების თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მანდატების შენარჩუნების თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ჯაფარიძის თქმით, არაკონსტიტუციური და სიგიჟეა, ადამიანს პარლამენტში მუშაობა დაავალო.
„დაახლოებით ორი თვე იქნება, რაც განცხადება დავწერე და მოვითხოვე მანდატის გაუქმება, რაზეც პარლამენტმა უარი მითხრა. ეს არ არის მხოლოდ მანდატის საკითხი. მანდატთან ერთად, მე შეზღუდული მაქვს სხვადასხვა უფლება. საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა არაფრის კეთების უფლება არ მაქვს იმის გამო რომ, მანდატი არ გამიუქმეს. გარდა ამისა, სახელმწიფო ჩემგან ითხოვს დეკლარაციის ჩაბარებას და ჩაუბარებლობის შემთხვევაში ჯერ ჯარიმას დამაკისრებენ, შემდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს ყველაფერი არაკონსტიტუციურია, ეს სიგიჟეა, რომ ადამიანს ავალებდე, გინდა თუ არა, აქ იმუშავეო“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.