დავით ნარმანიამ დიდ ლილოში მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა დაათვალიერა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, დედაქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროს ავთანდილ სუდაძესთან ერთად, სოფელ დიდ ლილოში მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა დაათვალიერა.
პროექტის მიხედვით, საცხოვრისისთვის ერთსართულიანი შენობა აშენდება, სადაც საძინებლები, სამრეცხაო, სველი წერტილები, სასადილო ოთახი, მედპუნქტი, სტაციონარი, ფსიქოლოგის კაბინეტი განთავსდება. საცხოვრებელ კომპლექსში მოეწყობა შიდა და გარე კანალიზაციისა და წყალსადენის ქსელები; დამონტაჟდება ელექტროენერგია, შიდა გათბობა, ვენტილაცია. თავშესაფარი უზრუნველყოფილი იქნება გაზმომარაგებით, ხანძარსაქრობითა და საქვაბით. პროექტით გათვალისწინებულია თავშესაფრის შიდა ეზოს კეთილმოწყობაც. კომპლექსს ეყოლება დაცვა და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, მშენებლობის ტემპი საკმაოდ მაღალია და ბენეფიციარებს ნორმალური არსებობისთვის საჭირო ყველა პირობა ექნებათ. „მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ მიიღო სპეციალური სტანდარტები, თუ როგორი უნდა იყოს მიუსაფართა თავშესაფარი, ჩევნ ავიღეთ ვალდებულება და დავიწყეთ კაპიტალური მშენებლობა. მშენებლობის ტემპი საკმაოდ ინტენსიურია და რამდენიმე თვეში, მშენებლობის დასრულებისთანავე, ბენეფიციარებს ახალ კომპლექსში გადავიყვანთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის თქმით, თავშესაფარი 240 ბენეფიციარზეა გათვლილი და მის მშენებლობაზე 1 600 000 ლარი დაიხარჯება. „პროექტით გათვალისწინებულია ყველა პირობა – კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ოთახები, სასადილო, სამედიცინო პუნქტი, დამხმარე სათავსოები, რაც ბენეფიციარებს საცხოვრებლად კარგ გარემოს შეუქმნის. თავშესაფარი შეიღობება, რომ უცხო პირები, ადგილობრივი დაცვის გარეშე, ვერ მოხვდნენ შიგნით“, – განაცხადა ავთანდილ სუდაძემ. თავშესაფრის მშენებლობა 2014 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო და 2015 წლის ივლისში დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „RSP 40“ 24 საათიან რეჟიმში აწარმოებს.