ნინო გიორგობიანი: პოლიციელები, კრიმინალთან ბრძოლის პარალელურად, აქტიურად არიან ჩართული კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში, და აი, ამ რთულ ვითარებაში ხდება მათზე თავდასხმები

“პოლიციელები, კრიმინალთან ბრძოლის პარალელურად, აქტიურად არიან ჩართული კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ბევრი მათგანი ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი ვერ ნახულობს. იცით, ალბათ, რომ ზოგიერთ ჩვენს თანამშრომელს ახლად შეძენილი შვილები თვეების განმავლობაში არ ჰყავდათ ნანახი. და აი, ამ რთულ ვითარებაში ხდება მათზე თავდასხმები”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

გიორგობიანი დღეს გამართულ ბრიფინგზე სხვადასხვა მედიასაშუალებაში, პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტებს გამოეხმაურა.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებაში, პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომელმაც ბოლო პერიოდში პერმანენტული ხასიათი მიიღო. ეს არის პირდაპირ, მიზანმიმართული თავდასხმა შინაგან საქმეთა სამინისტროზე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტზე და ემსახურება პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას და პოლიციელთა ღირსების შელახვას. ყოველდღიურად ხდება სამინისტროს მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელება. ამ ყველაფრის მიზანი, ყველასთვის გასაგებია და ამას უკვე საზოგადოებაც ხედავს, არის ერთადერთი – შესუსტდეს ნდობა უწყების მიმართ, იმ უწყების, რომელიც 24-საათიან რეჟიმში ზრუნავს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.

ყველამ კარგად იცის, თუ რა რეჟიმში უწევთ მუშაობა ჩვენს პოლიციელებს – სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს იმისათვის, რომ ქვეყანაში დაცული იყოს საზოგადოებრივი მართლწესრიგი და უსაფრთხოება.

განსაკუთრებით, ალბათ, აღსანიშნავია ეს ბოლო ერთი წელი, რაც პოლიციელები, კრიმინალთან ბრძოლის პარალელურად, აქტიურად არიან ჩართული კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ბევრი მათგანი ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი ვერ ნახულობს. იცით, ალბათ, რომ ზოგიერთ ჩვენს თანამშრომელს ახლად შეძენილი შვილები თვეების განმავლობაში არ ჰყავდათ ნანახი. და აი, ამ რთულ ვითარებაში ხდება მათზე თავდასხმები.

აქვე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე დიდი უწყებაა, დაახლოებით 40 000 თანამშრომელი მუშაობს და რა თქმა უნდა, არის გადაცდომის ერთეული შემთხვევები, რაზეც სამინისტრო რეაგირებს და ამის შესახებ ინფორმაციას პროაქტიულად თავადვე ვაწვდით მედიას”, – განაცხადა გიორგობიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები