ჩინეთში მყოფ, ჯანმო-ს დელეგაციაში არ გამორიცხავენ, რომ ვირუსმა შესაძლოა, უჰანის ლაბორატორიიდან გაჟონა

ჯანმო-ს დელეგაციაში, რომელიც უჰანში იმყოფება, განაცხადეს, რომ  COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ახალი ცნობები მიიღეს. მეცნიერები ასევე არ გამორიცხავენ, რომ ვირუსმა შესაძლოა, უჰანის ლაბორატორიიდან გაჟონა.

ამის შესახებ Sky News-ს ჯანმო-ს მკვლევართა დელეგაციის წევრმა, დოქტორმა პიტერ დაშაკმა განუცხადა.

მისი თქმით, ჩინელი სპეციალისტები თანამშრომლობისთვის მზად არიან.

“გვიზიარებენ ისეთ მონაცემებს, რომლებიც ადრე ნანახი არ გვქონდა, რომლებიც არავის არასდროს არ უნახავს. ჩვენთან ნებისმიერ შესაძლო ვერსიაზე ღიად საუბრობენ”, – თქვა მან.

ჯანმო-ს დელეგაცია უახლოეს დროში უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში გეგმავს მისვლას, სწორედ აქ მუშაობენ მეცნიერები კორონავირუსებზე, თუმცა, ინსტიტუტის სპეციალისტები კატეგორიულად უარყოფდნენ ვირუსის გაჟონვას.

ამასთან, დოქტორი დაშაკი ასეთ შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

“ინფორმირებულები ვართ ლაბორატორიის ბრალეულობასთან დაკავშირებულ ჰიპოტეზებს, ამიტომ, ყველა საკვანძო კითხვის დასმას ვაპირებთ, რომელიც ამ ინსტიტუტის მუშაობას უკავშირდება. თუ არსებობს მონაცემები, რომლებსაც მივყავართ რაიმე ჰიპოთეზებამდე, ამ მონაცემს მივყვებით, მტკიცებულებებს მოვიძიებთ. თუ ისინი ზღვის პროდუქტების ბაზართან მიგვიყვანს, იქ წავალთ. თუ ველური ცხოველების გაშენების ფერმამდე, ან ფრინველების ბაზრამდე მიგვიყვანს – იქაც წავალთ. თუ ლაბორატორიამდე მიგვიყვანს – იქ წავალთ. ყველა ვარიანტი გვაქვს, მიუკერძოებლობას ვინარჩუნებთ”, – განმარტა დოქტორმა.

ჯანმო-ს მისია უჰანში ვირუსის გავრცელებიდან მხოლოდ ერთი წლის თავზე ჩავიდა. ჩინეთი სპეციალისტების ჩასვლას ბლოკავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები