რას აცხადებს პედაგოგი, რომელმაც ბავშვებს ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშოს დასუფთავება დაავალა
“არავის დავალება არ იყო, პირადად ჩემი დავალება, ჩემი ინიციატივა იყო”, – ამის შესახებ პედაგოგი, ეთერ ჯაფარიძე ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ტვ “პირველთან” საუბრისას აცხადებს.
“არავის დავალება არ იყო, პირადად ჩემი დავალება, ჩემი ინიციატივა იყო. მე მოვყევი შემცირებაში, რის შემდეგაც დამრჩა ერთადერთი შანსი, რომ პატარა ბავშვებისთვის ერთი მარცვალი ჩამედო. ავუხსენი, რომ თქვენ პატარაობისას არ გაგახსენდებათ, რომ თუნდაც ძუძუს წოვის დროს ოფლი გაქვთ დაღლის გამო და მაშინათვე იწყება შრომა, როგორც კი დაიბადები. ვიყავი ევროპაში, იქ ჩვენზე უკეთესი არაფერი იყო, არც განათლება, არც კულტურა, გარდა იმისა, რომ თუნდაც ტუალეტის დაწმენდაც კი არ არის სასირცხვილო მომენტი”, – განაცხადა პედაგოგმა.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ერთ-ერთი სკოლის დირექციის თანხმობით, მოსწავლეები „დასუფთავების აქციაზე“ წაიყვანა. საბოლოოდ, წასული ბავშვები მერიის საპირფარეშოში აღმოჩნდნენ. ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ასუფთავებენ ისინი იატაკს.