ჩხოროწყუს მერი: მერიის საპირფარეშოს დასუფთავებაზე ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა – ფაქტს მყისიერი რეაგირება მოჰყვა
“ბუნებრივია, ამას გამართლება არ აქვს, სამწუხაროდ. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვქონდა”, – ამის შესახებ ჩხოროწყუს მერი, დავით გოგუა ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას აცხადებს.
მისივე თქმით, ფაქტს მყისიერი რეაგირება მოჰყვა.
“რაც შეეხება ფაქტს, ბუნებრივია, ამას გამართლება არ აქვს, სამწუხაროდ. ამასთან დაკავშირებით რეაგირება გააკეთა რესურსცენტრმა, ამის შესახებ ეცნობა შესაბამის ორგანოებს და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე – 150-ე მუხლის მეორე ნაწილით, აქედან გამომდინარე, დანარჩენს გამოძიება დაადგენს და თუ ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთა დაისჯება. მომხდართან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა, თვითნებობას ჰქონდა ადგილი და, ფაქტობრივად, როგორც კი ჩვენ გავიგეთ ამის შესახებ, რომ მერიის შენობაში იმყოფებოდნენ ბავშვები მაშინვე რეაგირება მოვახდინეთ, ბავშვებს დავატოვებინეთ, რა თქმა უნდა”, – აცხადებს გოგუა.
რაც შეეხება “რეგიონული კვირის” კითხვას, პირი, რომლის ორგანიზებითაც მსგავსი აქცია განხორციელდა არის თუ არა მერიის თანამშრომელი, ჩხოროწყუს მერი პასუხობს რომ არა.
“ეს ქალბატონი არ არის მერიის მოქმედი თანამშრომელი და არც მერიის აიპის, მას ხელშეკრულების გათვალისწინებით, ხელშეკრულების ვადა დეკემბერში ამოეწურა, აქედან გამომდინარე, მისი უფლებამოსილება არ ვრცელდებოდა იანვრის თვეში”, – აცხადებს ჩხოროწყუს მერი დავით გოგუა.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ერთ-ერთი სკოლის დირექციის თანხმობით, მოსწავლეები „დასუფთავების აქციაზე“ წაიყვანა. საბოლოოდ, წასული ბავშვები მერიის საპირფარეშოში აღმოჩნდნენ. ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ასუფთავებენ ისინი იატაკს.