აშშ-ში ვაქცინაცია შეფერხებულია – ჯო ბაიდენმა პრეზიდენტობის პირველი 100 დღის მანძილზე შესაძლოა სკოლები არ გახსნას

აშშ-ში ვაქცინაცია შეფერხებულია – ჯო ბაიდენმა პრეზიდენტობის პირველი 100 დღის მანძილზე შესაძლოა სკოლები არ გახსნას.

ვაქცინაციის პროგრამა მიმდინარეობს შეფერხებებით. მაგალითად, კალიფორნია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული შტატია ქვეყნის მასშტაბით, მოითხოვს ცენტრალური მთავრობისგან, ვაქცინის დამატებითი დოზების მიწოდებას. ასევე, ვირჯინიის ერთ-ერთმა საავადმყოფომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით დაგეგმილი 10 ათასი ვიზიტი გააუქმა.

„ჩვენ ვიცით, რომ ვაქცინის დოზების სიმწირე არის არაერთი ქვეყნის გამოწვევა, ისევე, როგორც არიან ქვეყნები, რომელთაც აქვთ ვაქცინის პრეპარატების მარაგი, თუმცა, მათი ვაქცინაციის პროგრამა არაა წარმატებული. ეს არის ის ბუნებრივი გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ ჩვენ“,- განაცხადა თეთრი სახლის, კოვიდზე რეაგირების ჯგუფის მრჩეველმა.

აშშ-ში, ნიუ-იორკში, საავადმყოფოებს არ აქვთ დეტალური ინფორმაცია ვაქცინის დოზების მიწოდების შესახებ და შესაბამისად, ხარვეზებია ვაქცინაციის პროგრამის დაგეგმვის პროცესში.

ნიუ-იორკის ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რამდენიმე საავადმყოფოს ვაქცინის დოზები არ მიუღია ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ვერ აგრძელებენ მედ-პერსონალის იმუნიზაციის პროცესს. უფრო მეტიც, ვაქცინაციის ამ ეტაპზე, ნიუ-იორკში, პროგრამის პრიორიტეტულობის მიხედვით უნდა აიცრას 7.7 მლნ ადამიანი, თუმცა, ცენტრალური მთავრობისგან ქალაქს მხოლოდ 2.2 მლნ დოზა ვაქცინა აქვს მიღებული. ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 162 601 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 483 ადამიანი გარდაიცვალა.

ენტონი ფაუჩის განცხადებით, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირველი 100 დღის მანძილზე შესაძლოა არ გაიხსნას სკოლები, რადგან კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი შტატებში კვლავ მაღალია. „პრეზიდენტი ძალიან სერიოზულად უდგება სკოლების გახსნის საკითხს და ითვალისწინებს როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების ინტერესებს. მისი სურვილია, რომ სწავლა აღდგეს საკლასო ოთახებში, განსაკუთრებით პირველი რვა კლასის ჩათვლით. ეს არის ჩვენი მიზანი, რისთვისაც ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, თუმცა, ისიც დასაშვებია, რომ ეს მიზანი ვერ შესრულდეს“, – აცხადებს ფაუჩი.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC), 29 იანვარს გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც პირბადის ტარება სავალდებულოა თვითმფრინავში, გემზე, მეტროში, ავტობუსსა და ტაქსიში. რეგულაციის შეუსრულებლობა კი ხდება ფედერალური დანაშაული, რაზეც დაწესდება სისხლის სამართლებრივი ჯარიმები. განკარგულება ძალაში შედის 2021 წლის 1 თებერვლიდან.

„ჩვენი მიზანი არაა, რომ გავზარდოთ ჯარიმები. ჩვენი მიზანია, მკაცრად მოვუწოდოთ საზოგადოებას, ნებაყოფლობით დაემორჩილონ წესებს, რათა თავიდან ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება“, – წერია CDC-ის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები