მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 103 მილიონს გადააჭარბა, 2.2 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 103 მილიონს გადააჭარბა. მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ -19-ით 2.2 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 74.7 მილიონს მიაღწია.
ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 26.1 მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, მკაცრდება ან ხანგრძლივდება რეგულაციები. ქვეყნების ნაწილში რეგულაციების შემსუბუქება იწყება, მაგრამ მხოლოდ ეტაპობრივად. მთავარ გამოწვევას ვაქცინაციის პროცესი წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებებით მიმდინარეობს, წამყვანი ქვეყნების ნაწილში კი შეჩერებულია.

ევროპაში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გაიცა, თუმცა არასაკმარისი დოზების გამო ევროპის ნაწილში ვაქცინაცია შეჩერებულია. ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში, „AstraZeneca“-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.

გასულ კვირას, „AstraZeneca“-მ განაცხადა, რომ ვაქცინის წარმოებასთან შექმნილი სირთულეების გამო, წლის პირველ კვარტალში, ევროკავშირს სულ 31 მლნ. დოზას მიაწვდის, რაც შეთანხმებული მოცულობის მხოლოდ 40%-ია.
აშშ-ის ფარმაცევტული კომპანია „Johnson & Johnson“-ის ვაქცინამ, გლობალური კლინიკური კვლევისას, ინფიცირების საშუალო სიმძიმის წინააღმდეგ – 66%-იანი, დაავადების მძიმე ფორმის წინააღმდეგ კი 85%-იანი ეფექტურობა აჩვენა. ვაქცინაციის შემდეგ არცერთი ინფიცირებული გარდაცვლილა.

ევროპის არაერთ ქვეყანაში, ვაქცინის დოზების მიწოდების შეფერხებამ, გამოიწვია ვაქცინაციის პროგრამების შეფერხება ან სრულად შეჩერება. უფრო დეტალურად, საფრანგეთში, 2 თებერვლიდან, პარიზსა და მის შემოგარენში, დროებით შეჩერდება მოქალაქეების აცრა ვაქცინის პირველი დოზით. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ეს განკარგულება გაიცა ვაქცინის მარაგის სიმცირის გამო, რადგან არსებული პრეპარატების რაოდენობა საჭიროა იმ ადამიანების ასაცრელად, ვისაც უკვე მიღებული აქვს პირველი დოზა. ასევე, მსგავსი მითითებებია გაცემული ჩრდილოეთ საფრანგეთის ვაქცინაციის ცენტრების ნაწილშიც.

იგივე სიტუაციაა ესპანეთში, სადაც მადრიდისა და კანტაბრიას რეგიონებში შეჩერდა ვაქცინაციის პროგრამები და ოფიციალური განცხადების მიხედვით, იმ მცირე მარაგით, რაც ამ მომენტისთვისაა მათთვის ხელმისაწვდომი, საფრანგეთის მსგავსად, აცრიან მხოლოდ მათ, ვისაც პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს. და ბოლოს, ოფიციალური ინფორმაციით, გერმანიას ვაქცინის საკმარისი დოზების რაოდენობა არ ექნება აპრილამდე. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ვაქცინაციის ცენტრების გახსნა გადაიდო 8 თებერვლამდე და ასევე, გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში გაუქმდა იანვრის ბოლოს ჩანიშნული პირველი აცრის ვიზიტები.
საფრანგეთში შეზღუდვები მკაცრდება, ვაქცინის დეფიციტის გამო, ვაქცინაციის პროცესი დროებით შეჩერდა.

ფრანგი პოლიტიკოსები შეზღუდვების გამკაცრების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ჟან კასტექსმა დამატებითი ზომების მიღების თაობაზე, მოლაპარაკებები საპარლამენტო
ფრაქციებთან და რეგიონალურ წარმომადგენლებთან გამართა. საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონილოქდაუნის“ შესახებ განცხადებას, სავარაუდოდ, ან უქმე დღეებზე ან 2 თებერვალს გააკეთებს. პარიზში და საფრანგეთის კიდევ ორ რეგიონში, სადაც ჯამში საფრანგეთის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს, ვაქცინის დეფიციტის გამო, ვაქცინაციის პროცესი დროებით შეჩერდა
პრემიერმა მოუწოდა პოლიციელებს, გაამკაცრონ კოვიდ რეგულაციების აღსრულების მექანიზმი და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ კომენდანტის საათისა და წვეულებების აკრძალვის შეზღუდვების მონიტორინგს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 31 იანვრიდან ქვეყანა კეტავს საზღვრებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, ხოლო ევროპიდან შემსვლელი ყველა მოგზაური ვალდებული იქნება წარადგინოს უარყოფითი კოვიდ ტესტი. ასევე, იკეტება დიდი სავაჭრო ცენტრები.

„ჩვენ ვიცით, თუ რა შედეგებს მოიტანს მესამე საყოველთაო ლოქდაუნი. ამიტომ, ვცდილობთ, დამატებითი რეგულაციების საშუალებით ეს თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

2020 წელს, პროდუქციის წარმოების 8.3%-ით შემცირების გამო, საფრანგეთი ჩავარდა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში.
მეორე ლოქდაუნის დროს, საფრანგეთში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, უფრო მეტი ეკონომიკური საქმიანობა გაჩერდა, ვიდრე პირველი ლოქდაუნისას. რაც შეეხება 2020 წლის ბოლო, მეოთხე კვარტალს, მშპ შემცირდა 5%-ით, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით. უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წელს, საფრანგეთის ეკონომიკა გაიზარდა 1.5%-ით, რაც წარმოადგენდა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებელს, თუმცა, 2020 წლის კრიზისის შედეგად, ქვეყანაში ყველაზე უარყოფითი რეცესია დაფიქსირდა.

ჩეხეთმა სამთო-სათხილამურო კურორტებზე საბაგიროები განუსაზღვრელი დროით გააჩერა, ამ ლოკაციებზე ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია.

მთავრობამ სამთო-სათხილამურო კურორტებზე საბაგიროები განუსაზღვრელი დროით გააჩერა. მთავრობის ცნობით, ზამთრის კურორტები დიდ პრობლემას წარმოადგენს და ამ ლოკაციებზე ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია. მიუხედავად იმისა, რომ მთის კურორტებზე სასტუმროები არ ფუნქციონირებს, მოქალაქეები მაინც ჩადიან დასასვენებლად და ნაცნობების სახლებში ჩერდებიან. ახალი რეგულაციებით, მოსახლეობა დაბინავებას მხოლოდ საკუთარ სახლებში შეძლებენ;
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სკოლები როგორც დაგეგმილი იყო 1 თებერვალს აღარ გაიხსნება და სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

28 იანვარს, ჩეხეთის მთავრობამ ახალი რეგულაციები მიიღო, რომელიც 29 იანვრიდან შევა ძალაში. ქვეყნის შიგნით, სამსახურეობრივი მოგზაურობები კვლავ დასაშვებია, თუმცა ახალი რეგულაციების თანახმად,
პირს დამსაქმებლის მიერ წერილობითი განმარტების თან ქონა ევალება. სამსახურეობრივი მიზნით მგზავრობისას, პირებს ოჯახის წევრებთან ერთად მგზავრობა ეკრძალებათ
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მთავრობა მოქალაქეებისთვის, ყოველ სამ დღეში ერთხელ, კორონავირუსზე უფასო ტესტების დარიგებას გეგმავს.

რა უნდა ვიცოდეთ covid-ვაქცინით აცრისთვის? – რეკომენდაციები აშშ-ის ექიმებისგან:

აშშ-ში, ვაქცინაციის პროგრამა მიმდინარეობს Pfizer-სა და Moderna-ს პრეპარატებით. ექიმები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები ვაქცინაციის პროცესში, ავრცელებენ საერთო სახის რეკომენდაციებს – უნდა მოვერიდოთ თუ არა კონკრეტულ საჭმელს, სასმელს ვაქცინაციამდე? – ასეთი სახის შეზღუდვები არ არსებობს.

უნდა მივიღოთ თუ არა სიცხის დამწევი საშუალება? – იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ღელავთ ვაქცინაციის შემდგომი გვერდითი მოვლენების შესახებ, არაა რეკომენდირებული წინასწარ მედიკამენტის მიღება. დამატებით რეკომენდაციებს კი მიიღებთ სპეციალისტებისგან.

არის თუ არა საფრთხის შემცველი ის სივრცე, სადაც აცრის რიგს ელოდებით? – პანდემიის პირობებში, ინფიცირების საფრთხე არსებობს ყველგან. თუმცა, ვაქცინაციის ცენტრებში სივრცეები ისეა მოწყობილი, რომ ინფიცირების საფრთხე ნაკლებია.

რა ხდება მას შემდეგ, რაც აიცრებით კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით? – აცრის შემდეგ, ალერგიულ რეაქციებზე დაკვირვების მიზნით, 15-30 წუთს გაატარებთ ვაქცინაციის ცენტრში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, გვერდითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად, რაც იშვიათი შემთხვევაა.

არის თუ არა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი გვერდითი ეფექტების რისკის მატარებელი? – ადამიანთა დიდ ნაწილს, არანაირი გვერდითი ეფექტი არ აქვს აცრაზე.

რამდენად დაცული ვარ ვაქცინაციის შემდეგ? – ექიმების აზრით, აცრის პირველი დოზის მიღების შემდეგ, ადამიანი გარკვეულწილად დაცულია ინფიცირებისგან, თუმცა, აუცილებელია ვაქცინის ორივე დოზის მიღება სრული იმუნიტეტის მისაღწევად.

რა დროა საჭირო იმისათვის, რომ ვაქცინამ დაიცვას ორგანიზმი? – ორგანიზმს სჭირდება გარკვეული პერიოდი იმისათვის, რომ გამოიმუშაოს ანტისხეულები, რომელიც შემდგომში გვიცავს ინფიცირებისგან. სრულყოფილად არაა დაცული ადამიანი სანამ არ გავა 1-2 კვირა ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ.

უნდა ვატაროთ თუ არა პირბადე აცრის შემდეგ? – იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მიღებული გაქვთ ვაქცინის ორივე დოზა, აუცილებელია დაიცვათ სოციალური დისტანცია და ატაროთ პირბადე.

როგორ მიმდინარეობს ვაქცინის პირველი დოზის მიღების პროცესი? – როგორც წესი, აცრის დრო წინასწარაა ჩანიშნული, რათა თავიდან იქნას აცილებული ხალხმრავლობა ვაქცინაციის ცენტრში. სრული პროცესი გრძელდება დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, რაც მოიცავს, აცრის შემდგომ 15-39 წთ-ის მანძილზე მოცდას, რასაც აკვირდებიან ექიმები.

რა განსხვავებებია Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინებს შორის?- დღევანდელი მონაცემებით, ორივე ვაქცინა არის ერთნაირად ეფექტური. თუმცა, განსხვავებულია ვაქცინის მეორე დოზების მიღების შუალედი, Pfizer-ის შემთხვევაში ესაა 21 დღე, ხოლო Moderna-ს ვაქცინა კეთდება 28 დღის შუალედით.

აშშ-ში ვაქცინაცია შეფერხებულია – ჯო ბაიდენმა პრეზიდენტობის პირველი 100 დღის მანძილზე შესაძლოა სკოლები არ გახსნას.
ვაქცინაციის პროგრამა მიმდინარეობს შეფერხებებით. მაგალითად, კალიფორნია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული შტატია ქვეყნის მასშტაბით, მოითხოვს ცენტრალური მთავრობისგან, ვაქცინის დამატებითი დოზების მიწოდებას. ასევე, ვირჯინიის ერთ-ერთმა საავადმყოფომ გაუქმდა ვაქცინაციის დაგეგმილი 10 ათასი ვიზიტი. „ჩვენ ვიცით, რომ ვაქცინის დოზების სიმწირე არის არაერთი ქვეყნის გამოწვევა, ისევე, როგორც არიან ქვეყნები, რომელთაც აქვთ ვაქცინის პრეპარატების მარაგი, თუმცა, მათი ვაქცინაციის პროგრამა არაა წარმატებული. ეს არის ის ბუნებრივი გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ ჩვენ“, განაცხადა თეთრი სახლის, კოვიდზე რეაგირების ჯგუფის მრჩეველმა.

აშშ-ში, ნიუ-იორკში, საავადმყოფოებს არ აქვთ დეტალური ინფორმაცია ვაქცინის დოზების მიწოდების შესახებ და შესაბამისად, ხარვეზებია ვაქცინაციის პროგრამის დაგეგმვის პროცესში. ნიუ-იორკის ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რამდენიმე საავადმყოფოს ვაქცინის დოზები არ მიუღია ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ვერ აგრძელებენ მედ-პერსონალის იმუნიზაციის პროცესს. უფრო მეტიც, ვაქცინაციის ამ ეტაპზე, ნიუ-იორკში, პროგრამის პრიორიტეტულობის მიხედვით უნდა აიცრას 7.7 მლნ ადამიანი, თუმცა, ცენტრალური მთავრობისგან ქალაქს მხოლოდ 2.2 მლნ დოზა ვაქცინა აქვს მიღებული.

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 162 601 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 483 ადამიანი გარდაიცვალა.

ენტონი ფაუჩის განცხადებით, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირველი 100 დღის მანძილზე შესაძლოა არ გაიხსნას სკოლები, რადგან კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი შტატებში კვლავ მაღალია. „პრეზიდენტი ძალიან სერიოზულად უდგება სკოლების გახსნის საკითხს და ითვალისწინებს როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების ინტერესებს. მისი სურვილია, რომ სწავლა აღდგეს საკლასო ოთახებში, განსაკუთრებით პირველი რვა კლასის ჩათვლით. ეს არის ჩვენი მიზანი, რისთვისაც ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, თუმცა, ისიც დასაშვებია, რომ ეს მიზანი ვერ შესრულდეს“, – აცხადებს ფაუჩი.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC), 29 იანვარს გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც პირბადის ტარება სავალდებულოა თვითმფრინავში, გემზე, მეტროში, ავტობუსსა და ტაქსიში. რეგულაციის შეუსრულებლობა კი ხდება ფედერალური დანაშაული, რაზეც დაწესდება სისხლის სამართლებრივი ჯარიმები. განკარგულება ძალაში შედის 2021 წლის 1 თებერვლიდან. „ჩვენი მიზანი არაა, რომ გავზარდოთ ჯარიმები. ჩვენი მიზანია, მკაცრად მოვუწოდოთ საზოგადოებას, ნებაყოფლობით დაემორჩილონ წესებს, რათა თავიდან ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება“, წერია CDC-ის განცხადებაში.

საბერძნეთის განათლების სამინისტრომ, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო, „წითელ ზონებში“ 1 თებერვლისთვის დაგეგმილი სკოლების სრულმასშტაბიანი გახსნის გეგმა დროებით გადადო, შესაბამისად, სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

პორტუგალიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ლოქდაუნი გრძელდება თებერვლის შუა რიცხვებამდე და ასევე, შეიზღუდება მოგზაურობა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 10 მილიონია, გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირდა კოვიდინფიცირების 16 432, ხოლო გარდაცვალების 303 შემთხვევა. პორტუგალიის პრეზიდენტის განცხადებით, რეკორდულად იზრდება გარდაცვალების მაჩვენებელი და ჯანდაცვის სექტორი მუშაობს დიდი დატვირთვით. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ასეთ დამძიმებას, ოფიციალური პირები, შობის პერიოდში შემსუბუქებულ შეზღუდვებს უკავშირებენ. რაც შეეხება მოგზაურობას, მომდევნო 15 დღის განმავლობაში, პორტუგალიამ დაკეტა საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო საზღვრები.
დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (ONS) ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ლოქდაუნისა და კოვიდ რეგულაციების პირობებში, ქვეყანაში მცირდება კოვიდინფიცირების რაოდენობა, მაღალია გარდაცვალებისა და ჰოსპიტალიზირების მაჩვენებელი. განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა ლონდონში, სადაც კოვიდინფექცია კვლავ სწრაფად ვრცელდება. ამასთან, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მაღალია ე.წ. ბრიტანული შტამის გავრცელების მაჩვენებელი, რომელის ქვეყნის სამხრეთ ნაწილში იქნა აღმოჩენილი.

2020 წელს, ბელგიაში, მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP) შემცირდა 62.%-ით, რაც სამჯერ აღემატება 2009 წლის ეკონომიკური კრიზისის დროინდელ შემცირების მაჩვენებელს. ეროვნული ბანკის (NBB) მონაცემებით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში, ლოქდაუნისა და მკაცრი შეზღუდვების ფონზე, როდესაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში შედარებით დასტაბილურდა, მშენებლობის ინდუსტრია გაიზარდა მცირედით, 3.3%-ით, თუმცა, მომსახურების სფერო შემცირდა 0.6%-ით. ასევე, ბელგიის ეროვნული ბანკის მონაცემებით, ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ როდის დაუბრუნდება ქვეყანა ეპიდემიამდე არსებულ მდგომარეობას.

ესპანეთში, 29 იანვარს, კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, დღე-ღამეში 513 ადამიანი ემსხვერპლა პანდემიას. მზარდია ასევე, ჰოსპიტალიზირების მაჩვენებელი და საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებების 44%-ი კოვიდ ინფიცირებულების მიერაა დაკავებული. ეს ყოველივე კი ხდება იმ პირობებში, როდესაც ვაქცინაციის პროგრამაში შეფერხებებია და მადრიდში, ფაქტიურად შეჩერებულია ვაქცინების განაწილების პროცესი, საჭირო დოზების არარსებობის გამო. მადრიდის ერთ-ერთი საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, მოკლე დროში ვაქცინის საჭირო დოზების მიღება, ამ მომენტისთვის, ფაქტიურად შეუძლებელია, რაც ძალიან უარყოფითად აისახება მედპერსონალის აცრის პროცესზე.

სამედიცინო ნიღბების ტარება შესაძლოა ესპანეთშიც სავალდებულო გახდეს. ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიოს მასშტაბით ნიღბების დეფიციტს გამოიწვევს.
29 იანვრიდან ესპანეთსა და პორტუგალიას შორის საზღვარი მინიმუმ 2 კვირით ჩაიკეტა.
ესპანეთში კორონავირუსის ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ შტამის გამოვლენის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში შიშობენ, რომ ვირუსის ამ სახეობას უფრო სწრაფი გავრცელება ახასიათებს და აღნიშნული შტამის წინააღმდეგ არსებული ვაქცინების ეფექტიანობა შეიძლება უფრო მცირე აღმოჩნდეს.

იტალიაში ბოლო დღეების მაჩვენებლები სიტუაციის სტაბილიზებაზე მიუთითებს, თუმცა ჯანდაცვის ექსპერტები რეგულაციების შემსუბუქებას ნაადრევად მიიჩნევენ.
კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებში იტალიის მთავრობის სპეციალურმა კომისარმა, დომენიკო არკურიმ, აღნიშნა, რომ იტალიამ დაგეგმილზე 300 000 დოზით ნაკლები ვაქცინა მიიღო. ამასთან, ვაქცინის მწარმოებელმა კომპანია „Moderna“-მ განაცხადა, რომ თებერვალში, იტალია ვაქცინის 20%-ით ნაკლებ დოზას მიიღებს.

გერმანიაში, ევროპის სხვა არაერთი ქვეყნის მსგავსად, დაწესდება შეზღუდვები მოგზაურთათვის. უფრო კონკრეტულად, 30 იანვრიდან შეიზღუდება ქვეყანა შესვლა სახმელეთო და საჰაერო გზებით დიდი ბრიტანეთიდან, ბრაზილიიდან, ირლანდიიდან, პორტუგალიიდან და სამხრეთ აფრიკიდან, იმ ქვეყნებიდან, სადაც მაღალია კოვიდის ე.წ. ახალი შტამების გავრცელება. გამონაკლისს წარმოადგენენ ის ადამიანები, ვისაც აქვთ გერმანიაში ცხოვრების უფლება ან შედიან ქვეყანაში „გადაუდებელი ჰუმანიტარული მიზეზების გამო“. შეზღუდვები მოგზაურობაზე, რომლის შესახებაც მიმდინარე კვირაში განაცხადა შს მინისტრმა, ძალაში დარჩება 17 თებერვლამდე.
გერმანიაში კორონავირუსის 11 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 399 ადამიანი გარდაიცვალა.

პოლონეთში 1 თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და კულტურული დაწესებულებები იხსნება, თუმცა შეზღუდვების უმეტესობა 14 თებერვლამდე გრძელდება. რესტორნები და სპორტული დარბაზები დახურულია, კლასებში გაკვეთილებს მხოლოდ 1-3 კლასის მოსწავლეები ესწრებიან, საჰაერო მიმოსვლა კვლავ შეზღუდულია.

ლიეტუვას ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში საყოველთაო ვაქცინაცია ივლისში დაიწყება.

კანადაში, კოვიდი ე,წ, ახალი შტამების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, დაწესდა შეზღუდვები მოგზაურობაზე. ქვეყანაში შემსვლელი ყველა პირი, ვალდებულია ჩაიტაროს PCD ტესტი აეროპორტშივე და საკუთარი ხარჯებით განთავსდეს საკარანტინო ზონაში, ტესტის პასუხამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები