მამუკა მდინარაძე: დოკუმენტი, რომელსაც დღეს ორმა პარტიამ ხელი მოაწერა, არის ღია ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა
“დოკუმენტი, რომელსაც დღეს ორმა პარტიამ ხელი მოაწერა, არის ღია ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, იქნება მსჯელობა მხოლოდ 0-დან 3%-მდე ბარიერზე და დანარჩენი მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების შედეგად შეიძლება, გადაწყდეს იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას მიიღებს იმდენი დეპუტატი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს.
„დოკუმენტი, რომელსაც დღეს ორმა პარტიამ ხელი მოაწერა, არის ღია ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა და დღეს მათი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში ირიცხებიან. ისინი არიან დეპუტატები, ვიდრე უფლებამოსილება შეუწყდებათ და მათ აქვთ საშუალება, რომ ამ დოკუმენტს შემოუერთდნენ. ეუთო-ოდირ-ის რეკომენდაციებიდან დაწყებული, მათ მიერ დაყენებული საკითხებით გაგრძელებული, მაგალითად როგორიცაა 0-დან 3%-იან ბარიერზე მსჯელობა. ანუ ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ 4 და 5%-იანი ბარიერის ფარგლებში არ ვიმსჯელებთ, იქნება მსჯელობა მხოლოდ 0-დან 3%-მდე, ანუ 3%-იანი უკვე გარანტიაა და დანარჩენი მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების შედეგად შეიძლება გადაწყდეს იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას მიიღებს იმდენი დეპუტატი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს. იქ არის უამრავი სხვა საკითხი, მაგალითად ე.წ. 100-მეტრიან დისტანციასთან დაკავშირებით, ასევე ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით. იყო საუბარი, უნდა იყოს თუ არა შტრიხ-კოდი, აი, ამ დონეზე ჩავედით სიღრმეებში მოლაპარაკებების დროს“, – განაცხადა მდინარაძემ.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს.