ალეკო ელისაშვილი: თუ შევთანხმდებით, შევალთ პარლამენტში, ვნახოთ

“თუ შევთანხმდებით, შევალთ პარლამენტში, ვნახოთ”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელმა ფაქტმა „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა გააღრმავა და გარკვეული საკითხები კიდევ არის შესათანხმებელი.

„მოვედით მე და ლევანი ისევ, ვინაიდან გუშინაც იყო კომუნიკაცია ჩვენთან, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გავმართოთ, შესაძლოა, მივიდეთ საბოლოო შეთანხმებამდე, შეიძლება, ვერ მივიდეთ. რა თქმა უნდა, გუშინდელმა ფაქტმა ძალიან კარგი ფონი შეუქმნა ამ ყველაფერს, გააღრმავა ნდობა ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ნამდვილად, რადგან გვინდოდა, რომ ეს ასე მომხდარიყო. ჩვენ ველოდით გუშინდელ გათავისუფლებას.

ჩვენ არავის არაფერზე ვევაჭრებით, გვაქვს ნათქვამი, რომ პოლიტპატიმრების საკითხი იყო და არის ერთჯერადი საკითხი, ერთჯერადი, ხო? გამოვუშვებთ, ისევე როგორც რიგგარეშეს საკითხი, რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობას, საარჩევნო წესებს, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, ეს არის საკითხი, რომელიც საქართველომ ვერ მოაგვარა 30 წელია და ახლა ამ კაბინეტში არის შანსი, რომ ამ საშვილიშვილო შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ.

თუ შევთანხმდებით, შევალთ პარლამენტში, ვნახოთ. გარკვეული საკითხები არის შესათანხმებელი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მორიგ შეხვედრას მართავენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები