ეკატერინე ტიკარაძე: საქართველო შეპირებულ ვაქცინას დათქმულ ვადაში მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინებთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება სიცრუე და მოსახლეობის გაუგებრობაში შეყვანის მცდელობაა.

მისივე თქმით, მალტის ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეებისთვისაც არ აქვს ვაქცინის საკმარისი რაოდენობა და, შესაბამისად, საქართველოს მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა.

„ეს არის სრული სიცრუე. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ შემოიტანოს არეულობა და გაუგებრობა ჩვენს მოსახლეობაში. საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად მოქმედებს. მალტის ხელისუფლება აცხადებს, რომ თავად არ გააჩნია საკუთარი მოქალაქეებისთვის ვაქცინის საკმარისი რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან მათ მიმართ ნებისმიერი მიმართვა ვერ დაკმაყოფილდებოდა. საქართველოს მთავრობა ამასთან დაკავშირებით მუშაობს და დათქმულ თარიღებში აუცილებლად გვექნება ის შეპირებული ვაქცინა, რომელსაც ვაანონსებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას წინადადებით მიმართავს. “ევროკავშირმა ყველა თავის წევრებს დაურიგა ვაქცინა და მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა. ახლა მალტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში, სამწუხაროდ, შედის საქართველო, ამ შემთხვევაში, საბედნიეროდ. მიმართეთ მალტას და იპოვეთ ვაქცინა, დროზე და უშველეთ ხალხს! ეს რაღაც ჩინური ვაქცინა კი არ არის მეათეხარისხოვანი, ეს არის უმაღლესი კლასის ამერიკული ვაქცინები და ევროპული, რომელიც შემოიტანა ევროკავშირმა”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები