23 იანვარს, ოპოზიციონერ ნავალნის მხარდასაჭერად, მთელი რუსეთის მასშტაბით გამართულ აქციებში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დემონსტრაციები სამართალდამცველებთან შეტაკებებითა და დაკავებებით დასრულდა. დაკავებულებს შორის არიან ალექსეი ნავალნის ორგანიზაციის შტაბების ხელმძღვანელები, თანამშრომლები, აქტივისტები, უბრალო მოქალაქეები. 23 იანვრის აქციებზე რეკორდული რაოდენობის პირი დააკავეს -ოფიციალური ინფორმაციით, 3 ათასამდე ადამიანი იყო დაკავებული, მათ შორის ჟურნალისტებიც -თუმცა ისინი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ. სხვადასხვა მონაცემებით, აქციებზე 300-მდე არასრულწლოვნის დაკავებაც მოხდა, მათი უმრავლესობა აქციებში მონაწილეობას საერთოდ არც იღებდა. ამის შესახებ ბავშვთა ომბუდსმენმა განაცხადა. ასევე ცნობილია, რომ აქციებზე დაკავებულებს განყოფილებებში ისე ექცეოდნენ, როგორც გაუხარდებოდათ-იყენებდნენ ძალადობას, არ უშვებდნენ ადვოკატებს, ართმევდნენ პასპორტებს.
საპროტესტო აქციების და მუხტის ჩასახშობად, პუტინმა თავისი ფავორიტი ძალოვნები-„როსგვარდია“ (Росгвардия) გამოიყვანა. აკი, 2016 წელს სწორედ „სახელმწიფოს ერთიანობის და ხელშეუხებლობის“ დასაცავად შექმნა მან ეს განსაკუთრებულად ეკიპირებული და მომზადებული უწყება. ცნობილია, რომ რუსი „გვარდიელები“ დიდი სისასტიკით და დიდი აგრესიით გამოირჩევიან.
ამაზე მეტყველებს ის ვიდეო კადრებიც, რომლებიც მოქალაქეებმა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გადაიღეს. მათ შორის ერთ-ერთი განსაკუთრებით დამთრგუნველია კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამს „როსგვარდიის“ თანამშრომელი ასაკოვან ქალს მუცელში გამეტებით ფეხს, რის შემდეგად ის მიწაზე ეცემა. კადრებში ასევე ისმის „გვარდიელის“ მიერ ნათქვამი ფრაზა: „«***** [Не надо] стоять у нас на пути». 54 წლის მარგარიტა იუძინა ამ დარტყმის შედეგად რეანიმაციაში მოხვდა. მართალია იმ დღესვე გაწერეს და კრემლის მიერ კონტროლირებადმა მედიამ საავადმყოფოს მთავარი ექიმის განცხადება „ატრიალა“ ,სადაც ის ამბობს, რომ იუძინა თავს შესანიშნავად გრძნობს, მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ფაქტიურად საავადმყოფოდან გაგდების მერე ქალის მდგომარეობა დამძიმდა. ის ისევ კლინიკაში მოხვდა, მისი გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ თავის ქალის ტრავმა და ტვინის შერყევა აქვს მიღებული. საოცრად ცინიკური კი ის ვიდეო განცხადებაა, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელში „როსგვარდიის“ იმ თანამშრომელმა გაავრცელა. ამბობს, რომ ვერ ხედავდა რა ხდებოდა, რადგან ჩაფხუტის მინა ჰქონდა დაორთქლილი.
ასევე, სოციალურ ქსელში მეორე ვიდეოც გავრცელდა, რომელიც კარგად აღწერს როგორც პუტინის ხელისუფლების არსს, ასევე მისი ბრძანებების შესრულების ხარისხს. ვიდეოში ჩანს, რომ „როსგვარდიის“ თანამშრომელი ცდილობს წაიყვანოს ქალი, რომელიც მთელი ხმით ტირის და ემუდარება, თავი დაანებოს, რადგან არაფერი დაუშავებია. ქალი ახალგაზრდა ბიჭის მკლავზეა ჩამოკიდებული და ხალხს შველას სთხოვს. იქვე მდგომი ადამიანები სამართალდამცველს ასევე ეხვეწებიან, რომ ქალს თავი დაანებოს, ვინაიდან ის უბრალოდ ტროტუარზე იდგა და არაფერს აშავებდა. სპეც-ეკიპირების მქონე პირი კი ულმობელია, ცდილობს მსხვერპლი ხელში ჩაიგდოს და თავს არ ანებებს. ამ დროს ერთ-ერთი მამაკაცი სთავაზობს მას, რომ თუ კი ეს დაკავება მხოლოდ „გალაჩკის“ გამო ხდება, ამ ქალის მაგივრად ის ჩაბარდება. როგორც ჩანს, პუტინის საყვარელი „როსგვარდიის“ წარმომადგენლისთვის მართლაც სულერთი იყო ვის წაიყვანდა, ამიტომ ამ საზარელ გაცვლას მყისიერად დათანხმდა.
რაც შეეხება ვლადიმერ პუტინის სამართალდამცველების ქმედებას არაკონტროლირებადი მედიის მიმართ, ის ასევე არ შეესაბამება არანაირ ცივილიზებულ სტანდარტს. მაგალითად, „მედუზას“ კორესპოდენტს კრისტინა საფონოვას ექიმებმა გულმკერდის დაბეჟილობა დაუფიქსირეს. მას პოლიციის თანამშრომელმა ხელკეტი ორჯერ დაარტყა. „ვიღებდი როგორ ურტყამდნენ გაზონზე დავარდნილ ბიჭს. მას მიწაზე ახოხიალებდნენ. ყველას მოუწოდეს, რომ უკან გაწეულიყვნენ, გავიწიე, მაგრამ გადაღება გავაგრძელე. ამის მერე მოვიდა პოლიციელი, დაინახა, რომ ჟილეტზე „პრესა“ მეწერა, ყელზე პრეს-ბარათი მქონდა ჩამოკიდებული და ხელკეტი ორჯერ მომიქნია, ის მკერდში მომხვდა.“-ამბობს ჟურნალისტი.