თენგიზ ცერცვაძე: უნდა გადავდოთ ყველა განსხვავებული მოსაზრება გვერდზე, პოლიტიკური ორიენტაცია და დავარწმუნოთ მოსახლეობა, ვაქცინა გაიკეთოს რაც შეიძლება მეტმა

“უნდა გადავდოთ ყველა განსხვავებული მოსაზრება გვერდზე, პოლიტიკური ორიენტაცია, სამედიცინო თვალსაზრისით, ყველა უნდა გავერთიანდეთ და დავარწმუნოთ მოსახლეობა, ვაქცინა გაიკეთოს რაც შეიძლება მეტმა”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინის გარეშე პანდემიას ვერცერთი ქვეყანა ვერ დაძლევს.

„პრაქტიკამ გვიჩვენა, ვიდრე არ შემუშავდება ეფექტიანი ვაქცინა და შემუშავებულია უკვე; ვიდრე არ მოხდება მოსახლეობის დიდი ნაწილის – 60-65%-ის ვაქცინაცია და, პარალელურად, არ შეიქმნება ეფექტიანი მედიკამენტი, რომელიც გარანტირებულად განკურნავს პაციენტს, მდგომარეობა ამაზე მეტად ვერ გაუმჯობესდება. ეს არის მაქსიმუმი, რასაც ვაქცინის გარეშე მიაღწია მსოფლიომ და, მათ შორის, საქართველომ. ამიტომ, ყოველგვარი ლაპარაკი – ვაქცინა საჭიროა თუ არა; შეიძლება თუ არა, ავიცრათ და ისე დავძლიოთ პანდემია, არის დემაგოგია და უტოპია.

რაც შეეხება მოსახლეობის დამოკიდებულებას ვაქცინის მიმართ, ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა. მაშინ, როდესაც მთელი რესურსი მიმართულია, რათა როგორმე ვიშოვოთ ვაქცინა, ყველა ზომას მივმართავთ ამისთვის და გამოიკვეთა იმის ალბათობა, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა ქვეყანაში შემოვიდეს, ამ დროს თუ ეს შემოსული ვაქცინები მოსახლეობამ არ გამოიყენა, მაშინ მთელი ძალისხმევა იქნება ფუჭი.

მინდა, მივმართო მოსახლეობას – ვაქცინა არის აბსოლუტურად უსაფრთხო, მას აქვს მინიმალური გვერდითი მოვლენები. დღეს გამოქვეყნდა შედეგები – ისრაელში, სადაც 2,6 მლნ ადამიანმა უკვე გაიკეთა ვაქცინა, 1,2 მლნ-მა ვაქცინის უკვე მეორე დოზა გაიკეთა, ნახეს, რომ ვაქცინირებულთა შორის მხოლოდ 0,01%-ს დაემართა კოვიდი, ასპროცენტიანი არაფერი არ არის, მაგრამ, პრაქტიკულად, უზრუნველყოფს დაცვას. სულ დაემართა 20 კაცს და მათაც მსუბუქად.

ძალიან გასაკვირია მოსახლეობის პოზიცია, ერთი მხრივ, ძალიან მკაცრად მოითხოვენ შეზღუდვების მოხსნას და ყველანაირი ბიზნესის, საქმიანობის, სწავლების აღდგენას, რაც პრინციპში გასაგებია, ადამიანები დაიღალნენ და უნდათ ნორმალური ცხოვრება; მაგრამ, ამავე დროს, უარს ამბობენ ვაქცინის გაკეთებაზე. ეს ორი რამ დიამეტრალურად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. შენ თუ გინდა, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა, მოიხსნას შეზღუდვები და მოიხსნას აკრძალვები, მაშინ ისინი პირიქით, უნდა იხვეწებოდნენ, ვაქცინა შემოიტანეთ და გავიკეთებთო. ვაქცინა პირდაპირი გზაა იმისკენ, რომ შემცირდეს შემთხვევების რაოდენობა და მოიხსნას შეზღუდვები“, – აცხადებს ცერცვაძე.

მისი თქმით, ახლა მთავარია, ვაქცინაციის პიარკამპანია დაიწყოს.

„ქვეყანამ იზრუნა ვაქცინის შემოტანაზე და დადო ძალიან ეფექტიანი ვაქცინაციის გეგმა, რომელიც გულისხმობს ეტაპობრივ ვაქცინაციას რისკჯგუფების გათვალისწინებით. გაწერილია ყველა ის პუნქტი, სადაც მოხდება ვაქცინაცია, ყველა ის აღჭურვილობა, რომელიც უნდა ჰქონდეს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ვაქცინაცია უსაფრთხო იყოს. ახლა დარჩა მთავარი, გავაჩაღოთ საინფორმაციო პიარკამპანია იმისთვის, რომ მოსახლეობა დავარწმუნოთ. უნდა გადავდოთ ყველა განსხვავებული მოსაზრება გვერდზე, პოლიტიკური ორიენტაცია, სამედიცინო თვალსაზრისით, ყველა უნდა გავერთიანდეთ და დავარწმუნოთ მოსახლეობა, ვაქცინა გაიკეთოს რაც შეიძლება მეტმა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები