26 იანვარს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2020 წელს წარდგენილი ეროვნული ანგარიშის განხილვა გაიმართება

2021 წლის 26 იანვარს, ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2020 წელს წარდგენილი ეროვნული ანგარიშის განხილვა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში, გაიმართება.

როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, კოვიდ-19-თან დაკავშირებით მსოფლიოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, განხილვა გაიმართება განსხვავებული ფორმატით – ვირტუალურად.

“საქართველოს დელეგაცია განხილვაში მონაწილეობას მიიღებს თბილისიდან. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – ხათუნა თოთლაძე. მის შემადგენლობაში შედიან მაღალი რანგის წარმომადგენლები აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებიდან. განხილვის მსვლელობისას, ჟენევაში გაეროს დარბაზში საქართველოს დელეგაციას წარმოადგენს ჟენევაში გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ალექსანდრე მაისურაძე. 2020 წლის საქართველოს ეროვნული ანგარიში მომზადდა ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მონაწილეობით. საქართველოს ეროვნული ანგარიშის როგორც მომზადების, ისე მისი განხილვის პროცესს კოორდინაციას უწევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ანგარიშს თან ერთვის ინფორმაცია 2015 წელს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-2 ციკლის ფარგლებში აღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მე-2 ციკლის ფარგლებში საქართველომ მიიღო 203 რეკომენდაცია და მხარი დაუჭირა 191 რეკომენდაციას. საქართველომ ასევე აიღო ნებაყოფლობითი ვალდებულება, რომ წარედგინა მიღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედური ანგარიში, რომელიც წარდგენილ იქნა 2019 წლის მარტში. საქართველოს ეროვნული ანგარიში ასევე წარედგინა საქართველოს სახალხო დამცველს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათი მოსაზრებები და კომენტარები გათვალისწინებულ იქნა ანგარიშის მომზადების პროცესში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში 2016 წელს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ანგარიში ასევე განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ. საქართველოს ანგარიშის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს 105 ქვეყნის წარმომადგენელი.

განხილვის შემდგომ კი, საქართველომ, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში უნდა წარადგინოს საკუთარი პოზიციები ანგარიშის განხილვისას გამოთქმულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ახალი და უნიკალური მექანიზმი, რომელიც ფარგლებში, გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა განიხილება ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები