ირაკლი ფანგანი – ირაკლი ჩავლეიშვილზე: ავიღე ნაგვის ურნა და გადავამხე თავზე – თუ საჭირო იქნება, კიდევ გავაკეთებ ანალოგიურს

“საზოგადოებას ბოდიში იმისთვის, რომ ასეთი რამ მოხდა, მაგრამ ირაკლი ჩავლეიშვილი ჩადის, ჩამოდის და ჩემს მეგობრებს, ჩემს თანამებრძოლებს შეურაცხყოფას აყენებს, მეც ავიღე ეს ნაგვის ურნა და გადავამხე თავზე”, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრმა, ირაკლი ფანგანმა განაცხადა.

ფანგანის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ანალოგიურ ქმედებას მომავალშიც განახორციელებს.

“საზოგადოებას დიდი ბოდიში იმისთვის, რომ ასეთი რამ მოხდა, მაგრამ როცა ჩავლეიშვილი ჩადის, ჩამოდის და ჩემს მეგობრებს, ჩემს თანამებრძოლებს შეურაცხყოფას აყენებს, მეც ავიღე ეს ნაგვის ურნა და გადავამხე თავზე. თუ საჭირო იქნება, კიდევ გავაკეთებ ანალოგიურს. ანალოგიური უნდა მოხდეს ყველგან, ვინც მოღალატე შევა პარლამენტში და ხალხის თავისუფლების ხმას მოიპარავს, ყველას იგივე მოუწევს”, – განაცხადა ირაკლი ფანგანმა.

ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერანტივას” წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს. ინციდენტი ევროპის მოედანზე მოხდა. როგორც “ალტერნატივას” წევრები აცხადებენ, ამ ფორმით აჭარის უმაღლეს საბჭოში ირაკლი ჩავლეიშვილის შესვლა გააპროტესტეს.

ირაკლი ფანგანს ბრალდება დღეს წარედგინა და შემდეგ გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

სამართალდამცველებმა ირაკლი ფანგანი 24 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები