დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანაში შემოვა ის ვაქცინა, რომელსაც ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია
“ქვეყანაში შემოვა ის ვაქცინა, რომელსაც ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში მაღალი ხარისხის ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად უნდა შემოვიდეს.
“ჩვენი გუნდის მთავარ პრიორიტეტს ისევ წარმოადგენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კომიტეტის საქმიანობას. ვფიქრობ, ეს პროცესი კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავა. ღონისძიებების გატარების გზაზე მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა, შევამციროთ კოვიდ 19-ით გამოწვეული ზიანი, ასევე, გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები.
ამ კუთხით მნიშვნელოვანია ქვეყანაში მაღალი ხარისხის ვაქცინის რაც შეიძლება სწრაფად შემოტანა. ერთმნიშვნელოვნად უნდა აღვნიშნო, ქვეყანაში შემოვა ის ვაქცინა, რომელსაც ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. ქვეყანაში ვაქცინაციის გეგმა უკვე შედგენილია. ჩვენ ამ გეგმას მივყვებით. ქვეყანა თანამშრომლობს ვაქცინების გლობალური ალიანსის მიერ შექმნილ კოვაქს პლატფორმასთან, რაც არის საშუალება, რომ ქვეყნებმა ითანამშრომლონ ვაქცინის მიმწოდებელ კომპანიებთან. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინის შემოტანის პროცესში შესაძლო დამდგარ ზიანზე აიღოს სახელმწიფომ პასუხისმგებლობა, თუ დაშვებული შეცდომა არ იქნება განპირობებული ექიმის, კლინიკის, მწარმოებლის ან იმპორტიორის მიერ. ასეთი მოთხოვნა წაყენებულია პლატფორმაზე მწარმოებელი ქვეყნების მიერ. ამიტომ, იმისთვის, რომ ჩვენ პროცესს არ ჩამოვრჩეთ და რაც შეიძლება სწრაფად შემოვიდეს ქვეყანაში მაღალი ხარისხის ვაქცინა, ჩვენ ეს საკანონმდებლო უზრუნველყოფა უნდა მოვახდინოთ”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.