„ჩვენი მთავარი საზრუნავია, ელემენტარული პირობები შეექმნათ გუნდებს“ – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ საფეხბურთო კლუბებს ფინანსური პრობლემები აქვთ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი საფეხბურთო კლუბების, „კოლხი გულრიფშისა“ და „სოხუმის დინამოს” წარმომადგენლები კლუბების ფინანსურ პრობლემებზე საუბრობენ.

მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „კოლხი გულრიფშის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ლელა ბერიძემ და „სოხუმის დინამოს” გენერალურმა დირექტორმა, დავით თაქთაქიშვილმა ფინანსური მხარდაჭერისთვის კერძო სექტორს მიმართეს.

როგორც თაქთაქიშვილმა განაცხადა, კლუბში ფინანსური კრიზისია. მისი განმარტებით, 2020 წლის სეზონის სპორტული შედეგებიდან გამომდინარე, 2021 წელს კლუბი სახელმწიფო სუბსიდიას ვერ მიიღებს.

„ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ის, რომ რაღაც ელემენტარული პირობები შეექმნას გუნდს. ფეხბურთის ფედერაცია გვეხმარება. ჩვენ საუბარი გვაქვს კერძო სექტორზე. გუშინ ეთერშიც ვთქვი: ფეხბურთის ფედერაციამ დაფინანსების შეჩერებით გვითხრა, რომ თქვენც გადადგით ნაბიჯიო. ჩვენი კლუბის პოზიციაა ის, რომ არ გვინდა, მთავრობაზე ვიყოთ ჩამოკიდებული და გვსურს, დამოუკიდებლად შევძლოთ საქმიანობის გაგრძელება. ბევრ კომპანიას მივმართეთ, ვთხოვეთ, მაგრამ უარი მივიღეთ. ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ კლუბმა იარსებოს“, – განაცხადა თაქთაქიშვილმა.

მისი თქმით, დაფინანსების თხოვნით 50-ზე მეტ კომპანიას მიმართეს.

„რა კლუბია ეს? რა მნიშვნელობას ატარებს? ბევრმა არ იცის! მინდა, გითხრათ, რომ კლუბი არის ხიდი აფხაზებსა და ქართველებს შორის შერიგების მიმართულებით. 50-ზე მეტ კომპანიას ვთხოვეთ ელემენტარული დაფინანსება, ელემენტარული – რომ გუნდს სტადიონის, ბურთისა და მგზავრობის ფული დაეფარა, მაგრამ პასუხი? სრული იგნორი. „სოხუმის დინამო“ ამ 50-ზე მეტი კომპანიისგან წლიურად სპონსორობას სულ რაღაც 20-30 ათას ლარს ითხოვდა, რაც, 12 თვეზე თუ გავყოფთ, 2500 ლარია (დაახლოებით, 700 დოლარი)“, – აცხადებს თაქთაქიშვილი.

როგორც „კოლხი გულრიფშის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ლელა ბერიძემ აღნიშნა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი საფეხბურთო კლუბები საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს აკეთებენ.

„კოლხი გულრიფში“ გახლავთ გუნდი, რომლის სათავეებიც და ფესვებიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან იწყება. გუნდის დამფუძნებელი მამუკა რუსიაა. ისიც თამაშობდა ამ გუნდში. მამუკა რუსია და სხვა ფეხბურთელებიც ჩართულები იყვნენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ის არამხოლოდ ფეხბურთის ვეტერანია, ომის ვეტერანის სტატუსიც აქვს მინიჭებული.
გუნდს ჰყავს ბავშვები, აღსაზრდელები, რომელებიც ჩვენი ახალი თაობა არიან. ისინი ინტენსიურად ვარჯიშობენ. არ შეიძლება, არ აღვნიშნო ის, რომ აფხაზეთის მთავრობა ჩვენს გუნდს გვერდით უდგას – მცირედით, მაგრამ, კანონმდებლობის შესაბამისად, რისი საშუალებაც ეძლევათ, ყველარით გვეხმარებიან – ინვენტარი იქნება ეს თუ ეკიპირება. ამისთვის რუსლან აბაშიძეს დიდ მადლობას ვუხდით.
დღეს ჩვენი გუნდი რეგიონულ ლიგაში გამოდის. წინა სეზონის განმავლობაში გუნდმა რთულად დაიწყო პერიოდი, თუმცა, შემდეგ მოახერხა და რეგიონ ლიგაში თავი დაიმკვირდა, მეექვსე ადგილზე გავიდა. ჩვენი გუნდიც ფინანსურად „ფეხბურთის განვითარების ფინდსაა“ მიბმული. რა საქმეს აკეთებს ფონდი ასეთი მცირე ბიუჯეტიანი გუნდებისთვის: ხშირად ისმის კითხვა – რა საჭიროა ფეხბურთში სახელმწიფოს ჩართულობა, დაფინანსება და ა.შ. ეს ის ფინანსური დახმარებაა, რაც გუნდს საშუალებას აძლევს, რომ მინიმალური საჭიროებებით იასპარეზოს, თუნდაც, რეგიონულ ლიგაში. ამისთვის არ შეიძლება, „ფეხბურთის განვითარების ფონდს“ მადლობა არ გადავუხადოთ. რაც შეეხებაა სპონსორს, ჩვენ ვერავის დავავალდებულებთ, რომ დახმარება გაუწიოს „კოლხი გულრიფშს“ ან „სოხუმის დინამოს“. ეს მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორივე გუნდი, რომელიც აფხაზეთს წარმოადგენენ, არა მხოლოდ გუნდის სტატუსს ატარებენ, არამედ საქვეყნო მნიშვნელობის საქმესაც აკეთებენ. ეს აფხაზეთისათვის ერთგვარი გაწვდილი ხელია. დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვინც კეთილ ნებას გამოხატავს, ჩაერთვება ამ ქველმოქმედებაში და ორივე გუნდს დამხარებას გაუწევს“, – განაცხადა ბერიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები