გიორგი ვაშაძემ კარანტინის წესი დემონსტრაციულად დაარღვია და აქციაზე ტესტის პასუხით მივიდა

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ კარანტინის წესი დემონსტრაციულად დაარღვია.

ვაშაძის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან ქვეყანაში უამრავი გაუაზრებელი შეზღუდვაა დაწესებული.

„ზუსტად ასეთი ერთ-ერთი უაზრო შეზღუდვის გამო, მე ახლა უნდა ვიჯდე სახლში. ვიყავი უცხოეთში – ამერიკაში, სადაც როდესაც „პისიარ“ ტესტი წარვადგინე, გადაადგილების პრობლემა არ მქონდა. ჩამოვედი საქართველოში და გამომიწერეს 12-დღიანი კარანტინი, მიუხედავად იმისა, რომ დავრეკე ცხელ ხაზზე, ვუთხარი, რომ ტესტი გავიკეთე, ჯანმრთელი ვარ, მეორედაც ვუთხარი, რომ კიდევ გავიკეთებ, შვიდჯერ გავიკეთებ, ოღონდ გამომიშვით გარეთ. ამბობენ – არა, უნდა იყო სახლში ჩაკეტილი. აგერ, ხელში მიჭირავს ბოლო ტესტის პასუხი, რომელიც დღეს მომივიდა, მთავარია, რომ მე დემონსტრაციულად ვარღვევ აი ამ უაზრო, გაუაზრებელ შეზღუდვას და ასეთი უაზრო შეზღუდვები უამრავია.

ხალხს კლავენ შიმშილოთ, ეკონომიკა მოკლეს, ამოხუთეს, არავინ არ გვისაბუთებს, რატომ არის ესა თუ ის შეზღუდვა საჭირო. არავინ ამბობს, რომ ტოტალურად გავხსნათ ყველაფერი, ყველაფერი უნდა იყოს თანაზომადი იმ რისკის, რაც ქვეყანაში არის. არ შეიძლება, ბიზნესი, ეკონომიკა, მოქალაქეები დატოვო უმუშევარი, მშიერი და თვითკმაყოფილი იჯდე სკამში, ამბობდე – ეს არის ჩემი საუკეთესო ქმედება. ამიტომ დემონსტრაციულად ვარღვევ იმ ერთ-ერთ უწესო წესს, რომელიც მათ დააწესეს, რომლის პრეცედენტიც ძალიან ცოტა არის მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები