ივერი მელაშვილის ადვოკატი: გუშინ პროკურატურის მიზანი იყო მხოლოდ ერთი, რომ საზოგადოებისთვის ეთქვა, ამ საქმეში არსებობს ფარული ჩანაწერებიც

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე მხარეებმა მასალები საბოლოოდ გაცვალეს და სასამართლოში წარადგინეს.

დავით გარეჯის საქმე, რომლის განხილვასაც თბილისის საქალაქო სასამართლო 28 იანვრიდან იწყებს, 13 ტომისგან შედგება, მათ შორის არის პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებული ფარული ჩანაწერები.

ივერი მელაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ პროკურატურის მიზანი გუშინ იყო მხოლოდ ერთი, რომ საზოგადოებისთვის ეთქვა, ამ საქმეში არსებობს ფარული ჩანაწერებიც.

„პროკურატურა დაცვის მხარეს უზღუდავდა შესაძლებლობას, წვდომა ჰქონოდა ბოლო სამი თვის მტკიცებულებებზე. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად შეიძლება, გამართლებული იყოს ასეთი მიდგომა კანონმდებლობით, ვთვლით, რომ კონსტიტუციასთან ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით ნაბიჯები გადავდგათ. საკმაოდ მოცულობითი ფაილებია ახალი მასალები. ყველა ინფორმაციასა და ჩანაწერს ჯერ არ გავცნობივართ.

პროკურატურის მიზანი გუშინ იყო მხოლოდ ერთი, რომ საზოგადოებისთვის ეთქვა, ამ საქმეში არსებობს ფარული ჩანაწერებიც, რომლებიც გარკვეულ გარემოებებს თითქოს უფრო მყარად ადასტურებს. რაც შეეხება ამ ჩანაწერების შინაარსს, თუკი ამ ჩანაწერს კარგად გავეცნობით, საზოგადოება მიხვდება, რომ რეალურად ეს უფრო გამამართლებელი მტკიცებულებაა, ვიდრე – გამამტყუნებელი. ამ ჩანაწერს ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია ეძლევა“, – განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები