გიორგი გაბუნია: არ გამოვრიცხავ, რომ დღეს ჩემს პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში, ბრალდებული გამჭოლი მზერით მიყურებდა და მეც ვუყურებდი მას, პუტინის დაკვეთა ასე არ სრულდება

“როცა დაკვეთა პუტინიდან და კრემლიდან მოდის, ეს ასე არ სრულდება, მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ერთი ადამიანის დაკავებით რუსეთის პრეზიდენტის შურისძიების სურვილი დასრულდა”, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ სასამართლოში მისი დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გაბუნიამ თქვა, მან დღეს პირველად ნახა მის საქმეზე დაკავებული ვასამგებ ბოკოვი. იგი ასევე დარწმუნებულია, რომ მისი მკვლელობის მომზადების უკან რამზან კადიროვი და ვლადიმერ პუტინი დგანან.

„კითხვები შეეხებოდა იმას, თუ საიდან მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემზე თვალთვალი მიმდინარეობდა და ჩემი ლიკვიდაცია იგეგმებოდა და როდის მივიღე ეს ინფორმაცია. ორივე მხრიდან მთავარი აქცენტი კეთდებოდა და მოსამართლემაც დამისვა ამასთან დაკავშირებით კითხვები, რამდენად შეიცვალა ჩემი ცხოვრების სტილი მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდა. განსაკუთრებით, იმ პერიოდში, ვიდრე ბრალდებულის დაკავება მოხდებოდა და ახლაც მაქსიმალურად შეზღუდული მაქვს თავისუფლად გადაადგილება, დაცვის გარეშე აკრძალული მაქვს მოძრაობა და ის პერიოდი კიდევ უფრო მძიმე იყო, როცა დაცვის უფროსი ჩემთან სახლში ცხოვრობდა, რადგან ძალიან დიდი რისკი იყო, სანამ ბრალდებულის დაკავება მოხდებდა.

ბრალდებულს შესთავაზეს, რომ ჩემთვის კითხვა დაესვა, მაგრამ მას არ ჰქონდა ჩემთან კითხვა, უბრალოდ, გამჭოლი მზერით მიყურებდა და მეც ვუყურებდი მას გამჭოლი მზერით. პირველად ვნახე ასე პირადად, მანამდე ფოტოებზე მყავდა ნანახი, მაგრამ სასიამოვნო ეს შეგრძნება, რა თქმა უნდა, არ არის, თუმცა, მას შეეძლო ჩემთვის კითხვების დასმა, არაფერი უთქვამს, უბრალოდ, მთელი პროცესის განმალობაში ასე მიყურებდა და მეც ასე ვუყურებდი.

„ვიზუალურად რომ შეხედავთ, “ქილერს” გავს – თავისუფლად შეიძლება, იყოს თვითონ “ქილერი”, რომელსაც ლიკვიდაცია უნდა მოეხდინა. ამას მხოლოდ ვიზუალიდან გამომდინარე არ ვამბობ, ინფორმაცია სუს-მა მომაწოდა, როცა დაზარალებულად მცნეს, რომ მას შესაბამისი ფიზიკური მომზადება აქვს გავლილი, ასევე, კრიმინალური წარსული აქვს და ის იძებნება კიდეც სხვა ქვეყნებში მკვლელობებთან დაკავშირებით. ასე რომ, არ გამოვრიცხავ, დღეს, მე ჩემს პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში. როცა პუტინიდან მოდის და როცა დაკვეთა კრემილიდან მოდის, ეს ასე არ სრულდება, მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ერთი ადამიანის დაკავებით რუსეთის პრეზიდენტის შურისძიების სურვილი ამით დასრუდა. თუმცა, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, არ ვიცი. სასამართლოზეც ვთქვი, მიუხედავად ჩემი კრიტიკული გამოსვლებისა, ვთვლი, რომ არც საქართველოში არ მყავს იმ დონის მტერი, რომ ჩემი მოკვლა გადაწყიტონ და, მით უმეტეს, საზღვარგარეთ, ერთადერთი, ვინც ეს შეიძლება, იყოს, პუტინი და მისი საყვარელი კადიროვია“, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები