იუსტიციის სამინისტროში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც უწყების ხელმძღვანელმა, გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო და ის გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.
“2018 წლის 23 მაისს სტრასბურგის სასამართლოში ომის საქმეზე ბოლო მოსმენისას ჩვენ შეგვპირდით, რომ ეს იქნებოდა ბრძოლა სიმართლისა და სამართლიანობისთვის და ამ ბრძოლაში კომპრომისი არ იქნებოდა. დღეს შემიძლია, განვაცხადო, რომ ეს დაპირება არის შესრულებული. საქართველომ გაიმარჯვა 12-წლიან სახელმწიფოთა შორის დავაში საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ.
გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ რუსეთმა 2008 წლის პერიოდში განახორციელა და დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი. ეს გადაწყვეტილება, რომელიც არ საჩივრდება სასამართლოს დიდმა პალატამ, მიიღო 17 მოსამართლის შემადგენლობით და დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე ეფექტიან კონტროლს და, აქედან გამომდინარე, მას ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის უფლებების დარღვევისთვის.
შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან ერთად, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა“, – განაცხადა მინისტრმა.