დავით ზალკალიანი: დეოკუპაცია არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება
“ჩვენი პოლიტიკა არის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც დამყარებულია ძალის არგამოყენების ვალდებულებაზე და ეს ვალდებულება არის იურიდიულად სავალდებულო”, – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, სამთავრობო პროგრამის, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება დეოკუპაციაა.
,,დეოკუპაცია არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის პრიორიტეტი და, აქედან გამომდინარე, ესეც იქნება ერთ-ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი განზომილება, სადაც საჭიროა უფრო მეტი აქტიურობა, მეტი მუშაობა ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან იმისათვის, რომ დეოკუპაციის საკითხი მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.
ამავე დროს, ჩვენი მხრიდან იქნება ძალიან აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა, ჩვენი გზავნილები საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომ იმ შესაძლებლობების გამოყენება, რა შესაძლებლობებიც მოაქვს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, იყოს შეთავაზებული ჩვენი დებისთვის და ძმებისთვის საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს. ჩვენი პოლიტიკა არის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც დამყარებულია ძალის არგამოყენების ვალდებულებაზე და ეს ვალდებულება არის იურიდიულად სავალდებულო. ჩვენ ვართ პირნათელი საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. გვსურს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია, თავისუფალი ვაჭრობა, თავისუფალი მიმოსვლა, საუკეთესო ევროპულ სკოლებში და უმაღლეს დაწესებულებებში განათლების მიღება შევთავაზოთ ჩვენს თანამოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, მათი რაც შეიძლება მეტი ჩართულობა. სწორედ აქეთ იქნება მიმართული მთლიანად ჩვენი ძალისხმევა, ჩვენი სამთავრობო გუნდის, ჩვენი ხელისუფლების. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები გვექნება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.