ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა და, შესაბამისად, „ქართული ოცნება“ დატოვა. როგორ შეიძლება, განვითარდეს პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში – ამ საკითხზე „კვირა“ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.
-რატომ წავიდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან – არსებობს მოსაზრება, რომ ის არსად წასულად და კულუარებში გადაინაცვლა, თქვენ რას ფიქრობთ?
ივანიშვილის კულუარებში გადანაცვლების ალბათობა დიდია. ძალიანაც რომ უნდოდეს პოლიტიკიდან წასვლა, მისი გაშვება გაუჭირდებათ თავის თანამოაზრეებს. ივანიშვილი იყო ერთადერთი ძლიერი და მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ამ გუნდს კრავდა. სხვა კავშირს ამ გუნდის წევრებს შორის მე ვერ ვხედავ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ,,ქართული ოცნების,, ეროზიის საფრთხე საკმაოდ დიდია, მით უმეტეს, ის, ვინც დატოვა ივანიშვილმა თავის ადგილზე, ამ ეროზიას უფრო გააფართოებს თავისი ხისტი ხასიათით. მოგეხსენებათ, კობახიძეს სირბილე და დიპლომატიურობა ნაკლებად ახასიათებს. ასე რომ, ივანიშვილს რომც უნდოდეს წასვლა, ყველაფერს იზამს მისი გარემოცვა, რომ ის მთლიანად არ გავიდეს ქართული პოლიტიკიდან. რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ წავიდა. ათასი მიზეზი ითქვა და ყოველი მათგანი შესაძლოა, ნაწილობრივ მართალი იყოს. პირველი ის, რომ მან კარგად იცის, მესამე ვადა კრიტიკულია ნებისმიერი ხელისუფალისათვის და ჯობს, მანამ გაეცალო ხელისუფლებას, ვიდრე გამარჯვებული ხარ. მეორე მიზეზი არის პოლიტიკური ძალების უცნაური კონფიგურაცია ქართულ პოლიტიკაში და ამ სიტუაციის დალაგება ყველას ძალიან გაუჭირდება. მესამე და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი არის ყარაბაღის ომის შემდეგ რეგიონში დამდგარი რეალობა. კავკასიის გადანაწილება დაიწყო თურქეთმა და რუსეთმა, ამ სიტუაციაში, ასე ვთქვათ, ვეგეტარიანული პოლიტიკა, რომელიც მოქმედ ხელისუფლებას აქვს, საგარეო პოლიტიკაში მთავარი აქტორების მიმართ დასავლეთში ცოტასთვის თუ იქნება მისაღები. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მათმა პოზიციამაც გარკვეული როლი ითამაშა ივანიშვილის წასვლაში. მოკლედ, თუ მას სურს, რომ შეინარჩუნოს ავტორიტეტი და სურს, დარჩეს მეხსიერებაში, როგორც ქველმოქმედი, ეს ნაბიჯი უნდა გადაედგა. ქველმოქმედი კი ნამდვილად არის. საქართველოში ძალიან იოლად ივიწყებენ ხოლმე სიკეთეებს. თავის დროზე დავივიწყეთ ის სიკეთე, რაც ზვიად გამსახურდიმ ჩაიდინა, ვგულისხმობ იმას, რომ მან ქართველ კაცში თავისუფლების წყურვილი გააღვიძა. დავივიწყეთ სიკეთე, რომელიც შევარდნაძის დამსახურებაა. სწორედ შევარდნაძემ განათავსა ქართული სახელმწიფო მსოფლიო რუკაზე. დასაფასებელია, რაც გააკეთა სააკაშვილმა თავის დროზე, თავდაპირველი რეფორმებით. ივანიშვილმა კი რამდენიმე ათასი ადამიანი შიმშილს გადაარჩინა, რომ აღარაფერი ვთქვათ ქართული კულტურის ძეგლების რეაბილიტაცია- განახლებაზე.
-როგორც ივანიშვილმა თავის წერილში აღნიშნა, ის ბედნიერი იქნება, თუ “ქართული ოცნება,, ოპოზიციაში აღმოჩნდება და მას ჯანსაღი ოპოზიცია ჩაანაცვლებს. თქვენ თუ ხედავთ ასეთ პერსპექტივას და ხომ არ არის შანსი იმისა, რომ ივანიშვილი ახალი ოპოზიციური პარტიის დამფინანსებლად მოგვევლინოს?
ამის ალბათობა და შანსი ნამდვილად არის. საამისოდ ივანიშვილს წააქეზებენ კიდეც გარკვეული ძალები. ყოველთვის გამორჩეული პიროვნებების ირგვლივ იკრიბებიან ხოლმე გარკვეული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც თავიანთ ინტერესებს განხორციელებას სწორედ ასეთი გამორჩეული ადამიანების მეშვეობით ცდილობენ. თუმცა, არ მგონია, რომ ასეთი მცდელობა წარმატებული იყოს. როგორც კი იგრძნობს რიგითი ამომრჩეველი, რომ ასეთი გაერთიანების უკან ივანიშვილი დგას, ამომრჩეველი ამას ძნელად მიიღებს.
-ივანიშვილის გარეშე დარჩენილი „ოცნების“ პერსპექტივას როგორ აფასებთ?
მე შემიძლია, ვთქვა, რომ შემდეგ არჩევნებზე “ქართულ ოცნებას,, ხელისუფლებაში დარჩენა ძალიან გაუჭირდება. მისი არაერთგვაროვანი შემადგენლობა და პარტიის შიგნით არსებული განსხვავებები საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით მაფიქრებიებს, რომ მომავალ არჩევნებში „ოცნების“ შანსები მინიმალურია. “ოცნებაში,, არის ხალხი, რომლებიც ნამდვილად დასავლეთზე არიან ორიენტირებულები, თუმცა, იქ არის ხალხიც, რომლებიც სტალინისტები არიან თავიანთი მენტალობით.
-ვინც აირჩიეს, ის წავიდა. ვინც დარჩა, ისინი ივანიშვილის გამო იქნენ არჩეული, შესაბამისად, პარლამენტი არალეგიტიმურია, ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
ეს ერთგვარი იუმორით ნათქვამია, თუმცა, ზუსტი შეფასება ნამდვილად არ არის. კი, “ოცნების” მიერ აღებული ხმების 70-80 % ნამდვილად ივანიშვილის დამსახურებაა, თუმცა, პარტიაში არის ხალხი, ვისაც ავტორიტეტი და, შესებამისად, ელექტორალური მხადაჭერა აქვთ.
-თუ ივანიშვილი ნამდვილად გავიდა თამაშიდან, ასეთ შემთხვევაში სააკაშვილის ფიგურაც დაკარგავს აქტუალობას?
ჩემთვის სააკაშვილის ფიგურა ბოლო ხუთი წელია, უარყოფით კონტექსტში განიხილება. ის აფერხებს ქართული პოლიტიკის განვითარებას. ის ძალიან ბევრი ადამიანისათვის იმდენად მიუღებელი და უარყოფითი ფიგურაა, რომ მისი ყოველი გამოჩენა ნიშნავს დამატებით ხმებს “ქართული ოცნების” ყულაბაში. ასე რომ, თუ გააქტიურდება სააკაშვილი შესაძლოა, უბრალო მოქალაქეებმაც გაიგონ და მხარი დაუჭირონ ივანიშვილის მობრუნებას პოლიტიკაში.
-ბრძოლის რა გზას, სტრატეგიასა და ტაქტიკას აირჩევს პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია?
ოპოზიციაში ისეთი ქაოსია, რომ ძნელია რაიმე პროგნოზის გაკეთება. ძალიან ცუდი კანონზომიერება დამკვიდრდა ქართულ პოლიტიკაში. სიტყვაზე, შესაძლოა, მე და თქვენ ძალიან რაციონალური გამოსავალი მოვიფიქროთ შექმნილი სიტუაციიდან, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ის ყველაზე რაციონალურია, არჩევანი ამ გზაზე არ გაკეთდება. ყოველთვის იმარჯვებს რევოლუციური რიტორიკისა და იდეების მატარებლები. ბევრი შანსი ჰქონდა ოპოზიციას სიტუაციის სათავისოდ შემობრუნების, მაგრამ ვერ ფლობენ იმ პოლიტიკურ ტექნიკას და არ აქვთ ის რაციონალიზმი, რასაც წარმატება მოაქვს. ფაქტია, რომ ის, რა მოცემულობაც ახლა აქვს ოპოზიციას, მათივე რადიკალიზმისა და მაღალი ტონალობის ბრალია. აიღეს რევოლუციური ტოლალობა და გახდენ კიდეც ამ ტონალობის მძევლები.