თამარ გაბუნია: “კოვაქსის” პლატფორმისთვის შეკვეთილია ვაქცინის მილიონ-ნახევარი დოზა, მოსახლეობის 20 პროცენტისთვის – წყვეტა იმაში, რომ ჩვენ მოთხოვნა გვაქვს და ვაქცინა არ არის – ასეთი არ იქნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ “კოვაქსის” პლატფორმისთვის უკვე შეკვეთილია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მილიონ-ნახევარი დოზა, რომელიც მოსახლეობის 20%-ისთვის არის გათვლილი.

მისივე თქმით, მილიონ-ნახევარი დოზის მოწოდება ეტაპობრივად მოხდება, დოზების პირველი ნაწილის ათვისების შემდეგ, საქართველო დანარჩენ დოზებსაც მიიღებს.

“ჩვენ “კოვაქსის” პლატფორმისთვის შეკვეთილი გვაქვს მოსახლეობის 20%-ისთვის, ეს არის მილიონ-ნახევარი დოზა, თუმცა, მილიონ-ნახევარი დოზის მოწოდება ერთბაშად არ მოხდება, მოხდება ეტაპობრივად და ქვეყანა რომ აითვისებს პირველ ნაწილს, 50 000 დოზას პირველ ეტაპზე, შემდეგ შემოვა დანარჩენი. იქამდე, სანამ სრულიად არ ამოიწურება 20%. ანუ, წყვეტა იმაში, რომ ჩვენ მოთხოვნა გვაქვს და ვაქცინა არ არის – ასეთი არ იქნება. რაც შეეხება პირველ საწყის შემოტანას “ფაიზერის” ვაქცინასთან მიმართებით, აქ არის უფრო შეზღუდულ ჯგუფზე საუბარი. დაახლოებით, 20 000 დოზაზე ვვარაუდობთ, რაც იქნება 10 000 სამიზნე ჯგუფისთვის, რაც იქნება ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის – ესეც არის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც ამ ეტაპზე, “კოვაქსის” მხრიდან დგება, ვინ უნდა მიიღოს პირველი დოზები ვაქცინის”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები