თენგიზ ცერცვაძე – ოქსფორდის უნივერსიტეტის რეიტინგებში საქართველოს ძალიან საპატიო ადგილი უკავია, როგორ შეიძლება, ამაში ვინმემ ეჭვი შეიტანოს და გამოთქვას საწინააღმდეგო აზრი

საქართველომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობისთვის კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

იგი ოქსფორდის უნივერსიტეტი მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებს აფასებს აღნიშნავს, რომ დადებითი რეიტინგები სახელმწიფო პოლიტიკის შეფასებაც არის.

„ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტი ყოველდღიურად აქვეყნებს განახლებად განახლებულ, სადაც აძლევს შეფასებას მსოფლიოს 183 ქვეყნის ძალისხმევას და ბრძოლის შედეგებს კოვიდპანდემიის წინააღმდეგ. შეფასება მოიცავს 19 ინდიკატორს და ეს არ არის მარტო სუფთა სამედიცინო ღონისძიებების შეფასება, ეს არის უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო პოლიტიკის შეფასება, სახელმწიფოსა და მთავრობის ძალისხმევის შეფასება. იქ არის რამდენიმე, ექვსი თუ შვიდი ინდიკატორი, რომელიც ქვეყნის პოლიტიკას განსაზღვრავს და ზოგადად კრიზისული სიტუაციის მართვას და მენეჯმენტს, იქ არის ხუთი-ექვსი კრიტერიუმი, რომელიც ეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავს, მათ შორის, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო თავისი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, რომელთაც განიცადეს ზარალი და შევიწროება ამ პანდემიის გამო და გაუუარესდათ ცხოვრების პირობები, რას აკეთებს ქვეყანა იმისთვის, რომ როგორმე ეკონომიკა არ ჩამოიშალოს. ექვსი-შვიდი კრიტერიუმი არის სუფთა ჯანდაცვითი საკითხი, რომელიც მოიცავს ეპიდემიოლოგიურ ღონისძიებებს, პაციენტების მართვას, ვაქცინაციას და სხვა,“- განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, რეიტინგში საქართველოს ძალიან საპატიო ადგილი უკავია და ბევრად უკან იყვნენ განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნები.

„აღნიშნულ რეიტინგში, 15 იანვრის მონაცემებით, საქართველოს 183 ქვეყანას შორის უკავია, ძალიან საპატიო, მე-10-მე-11 ადგილი და ჩვენზე წინ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან იყო მხოლოდ სამი ქვეყანა: გერმანია, ირლანდია და იტალია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

როგორ შეიძლება, ამაში ვინმემ ეჭვი შეიტანოს და გამოთქვას საწინააღმდეგო აზრი, რომ „კი, 19 კრიტერიუმით საქართველო მსოფლიოში მეათეა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ აქ ყველაფერი ჩამოიშალა“. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ძალიან სასიამოვნოა. მე ვულოცავ ამას ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხელმძღვანელობას და ადამიანებს პირველ რიგში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ „კოვიდით“, რომლებიც სერიოზულ სიძნელეებს განიცდიან. მათთვის მცირედი, მაგრამ მაინც გამხნევება იქნება ფაქტი, რომ ისინი მარტო არ არიან, მთელი მსოფლიო ასეთ დღეშია და მთელი მსოფლიო ბევრად უარეს დღეშია, ვიდრე ისინი“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები