“ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ახალი ტრადიციები, ერთგვარი ტრიადული სისტემა, პოლიტიკის კეთების ტრადიცია, რომ გახვიდე და დატოვო ძალაუფლება მაშინ, როდესაც ის ბოლომდე შენია” – გური სულთანიშვილი  

,,2012 წელს, როდესაც საქართველოში საკითხი მართლაც გადარჩენა-არგადარჩენას ეხებოდა, ანუ გვყავდა რეჟიმი, “ნაციონალური მოძრაობის სახით”, რომელიც დარჩენის შემთხვევაში მოუშორებელ ბაცილად, ქრონიკულ ვირუსად დაფიქსირდებოდა და, ფაქტობრივად, ფორმალური ავტორიტარიზმი გაგვიფორმდებოდა. ზუსტად ამ დროს, უიმედო პერიოდში, როდესაც არცერთი პოლიტიკოსისა და არსებული ჯგუფების იმედი აღარ გვქონდა, გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. ჯერ კიდევ ნიუსის სახით შევიტყვე,  არჩევნებამდე 1 წელზე მეტი იყო, თუ არ ვცდები. დილით გაღვიძებულმა გადავამოწმე სხვადასხვა წყაროზე და უკვე ოფიციალურად დასტურდებოდა ბიძინა ივანიშვილის მოსვლა. მახსოვს, როგორი იმედი გამიჩნდა,  იმდენად ცხადი, რომ 1 წლით ადრე “ნაციონალურ მოძრაობას,, როგორც უკვე წასულ ძალას, ისე ვუყურებდი, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ბიძინა, კაცი – რომელიც არ ჩანს, ჩუმადაა, ამდენ ქველმოქმედებას ეწევა ასე უბრალოდ პოლიტიკაში არ შემოვიდოდა, ისეთი კაცი ჩანს, შანსების ხელიდან გაშვება რომ არ უყვართ მეთქი – ეგრეც მოხდა“, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გური სულთანიშვილი ვიდეობლოგში ,,გურიზმები – ბიძინა ივანიშვილის შესახებ“ საუბრობს.

სულთანიშვილის თქმით,  მაშინ ყველა გრძნობდა ბიძინა ივანიშვილის ენერგიას – ენერგიას, რომელიც მხოლოდ გამარჯვებას აღიარებდა.

იმ პერიოდში სტუდენტური საპროტესტო აქტივობებით ვიყავი დაკავებული, ლაბორატორია 1918 და პრინციპულად ვებრძოდით “ნაცებს”, ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი ისეთი რეპრესიების მსხვერპლიც იყო, როგორიცაა პატიმრობა, ხოლო ვისაც პატიმრობა არ მოგვიწია, ჩვენზე იყო დაშინება, დევნა და ა.შ. მახსოვს, შიგნითაც ასეთი განწყობა იყო, ცოტაც და გვეშველებაო. თითქოს, ყველა გრძნობდა ბიძინას ენერგიას – ენერგიას, რომელიც მხოლოდ გამარჯვებას აღიარებდა. საკითხი თითქოს ისე დააყენა, გამარჯვება ან სხვა შანსი არააო. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მიშამაც იგრძნო და ჩართო სიცრუის მანქანა, პოლიტიკური პროპაგანდა, დაწყებული სატელევიზიო ხაზით, ვიდრე მკითხავების პროგნოზებით. თუმცა, მთელს ამ წელს ერთი საინტერესო ხაზი მიყვებოდა, თითქოს, ეტყობოდა, გარემოს რა შედეგიც დაიდებოდა, აი, ისე, ცას როგორც ეტყობა, გაწვიმდება თუ არა. “ნაცების” მიერ გაკეთებული ყველა პროპაგანდისტული ვიდეო, მესიჯბოქსი, აბსოლუტურად ყველაფერი უკანვე უბრუნდებოდათ მათ, ბუმერანგივით. პროცესები შეუქცევადი ხდებოდა, საქართველო გამარჯვებისა და გადარჩენის სუნს გრძნობდა, გრძნობდა – როგორ ანებებდა თავს ავტორიტარული, არაპროგრესული ბნელი ძალა და მოდიოდა ახალი, “ქართული ოცნება”. ყველაფერი ისტორიული იყო იმ პერიოდებში, პირველად მოუწია ხელისუფლებას არჩევნების გზით შეეცვალა ყველაფერი, ვნახეთ რეკორდული რაოდენობა ხალხის, თავისუფლების მოედანზე, ბიძინამ ყველაფერი იუველირის სიზუსტით, სისტემური პოლიტიკით მოგვაშორა მიშა“, – ამბობს ანალიტიკოსი.

გური სულთანიშვილი იხსენებს, როგორ ულოცავდა ყველა ერთმანეთს  დიდ გამარჯვებას, ერთგვარ გრანდ ნარატივს.

მისი თქმით, პირველი, რამაც ბიძინა ივანიშვილისადმი პატივისცემით განაწყო, იყო დისციპლინა, საკუთარი ვნებების, სურვილების დათრგუნვა და მათზე ბატონობა, როგორც ეს  აღმოსავლურ ფილოსოფიაშია.

,,მახსოვს, როგორ ვულოცავდით ყველანი ერთმანეთს ამ დიდ გამარჯვებას. ერთგვარ გრანდ ნარატივს. დაიწყო “ოცნების” მმართველობის პერიოდი და ბევრი რამ ვნახეთ, ცუდიც  და კარგიც, ასეთიც და ისეთიც, მე უბრალოდ აქ, საკუთრივ ბიძინაზე მინდა, ვისაუბრო. როგორც წესი, პოლიტიკოსები არ მიყვარდა, მით უმეტეს, სტუდენტს, მემარცხენე იდეებითა და რევოლუციური ფილოსოფიით გაჯერებულს, როგორც შეიძლება ფუნქციონერისადმი რაიმე დადებითი გქონოდა, მაგრამ ბიძინაზე ვგრძნობდი, რომ რაღაც განსხვავებული იყო – ვფიქრობდი, ეს ხომ  არაა კლასიკური პოლიტიკოსი. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მენიშნა, ესაა დისციპლინა, საკუთარი ვნებების, სურვილების დათრგუნვა და მათზე ბატონობა. ასეა აღმოსავლურ ფილოსოფიაში, ლაო ძი ამბობს, რომ ვინც დათრგუნა ვნებები, დაინახა დაო, ანუ გზა და გზა კი საკრალური რამაა. ვნებების მოთოკვა, ძალაუფლებისადმი ინდეფერენტული დამოკიდებულება ხომ ასე რთულია ამ ჩვენს მატერიალისტურ, სამომხარებლო ეპოქაში, სადაც ყველაფერი იმისკენ გიბიძგებს რომ შენი სურვილები დაიკმაყოფილო. არადა, ვიცით, რომ ნამდვილი ეთიკა, ფილოსოფიური ეთიკა, ზუსტადაც სურვილების გადავადება, მათზე უარის თქმაა, ასეა პლატონური ეთიკა, ეპიკურეანული, ქრისტიანული, კანტიანური და ყველა. ყველა ეგოს მორჯულებაზე გველაპარაკება და ცივილიზაციის საწყისიც პირველი შეზღუდვა და რაღაცეების მოთოკვა იყო. აი, ამის აღმოჩენა პოლიტიკოსში ძალიან მეუცნაურა იმ პერიოდში, თან იმის ფონზე, როცა ვხედავდით მიშას აბსოლუტურად განსხვავებულ ფიგურას, სურვილებსა და ვნებებზე აყოლის ილუსტრაციას, განსხეულებას, ვნებებზე მორჩილებას.  ეს იყო პირველი, რამაც დიდი პატივისცემით განმაწყო. ალბათ, რაც არ გვაქვს, რისი მიღწევაც გვინდა, ის განსაკუთრებით მოგვწონს სხვაში, მაგალითად, საკუთარ თავზე ჯობნა ამ შემთხვევაში. ამის შემდეგ გადიოდა წლები, მე ბევრი რამ გავიარე, უფრო აქტიურად ჩავერთე პოლიტიკაში, უშუალოდ შევეხე რიგ პროცესებს, გავიცანი პირწველწყაროები და კიდევ უფრო აქტიური კომენტატორი გავხდი პოლიტიკის. და მეორე, რამაც ბიძინა ივანიშვილზე სხვანაირად დამაფიქრა, იყო ქველმოქმედება, სადაც ის 95% ტოვებდა საკუთარი მოგების. და თან ეს ყველაფერი კონცეპტუალურადაც ქონდა ახსნილი, რომ ფუფუნება არაა საჭირო, არ ჭირდება ადამიანსო. ეს სრულად ფილოსოფიური ხაზია, რომ ძალიან დიდი ფული და დიდი ქონება საჭიროებასა და სახმარ ღირებულებას ცდება და გადადის საკრალურში. ზუსტად აქ უნდა იყოჩაღო ადამიანმა და არ დამორჩილდე იმას, რომ ქონებამ გმართოს აქეთ“, – აცხადებს ანალიტიკოსი.

ვიდეობლოგის დასასრულ, გური სულთანიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქონებასთან ბრძოლაშიც გამარჯვებული გამოვიდა.

იგი ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის.

“ბიძინა ივანიშვილი აქაც გამარჯვებული გამოვიდა, ქონებასთან ბრძოლაშიც. და ბოლოს, მან შექმნა ახალი ტრადიციები, ერთგვარი ტრიადული სისტემა, პოლიტიკის კეთების ტრადიცია, რომ გახვიდე და დატოვო ძალაუფლება მაშინ, როდესაც ის ბოლომდე შენია. სიმდიდრის ტრადიცია, სადაც ქონების 95% რჩება ქველმოქმედებას და ამ სიმდიდრის ტრადიციაზე კიდევ ახალ ბლოგს შემოგთავაზებთ და ბოლოს ქველმოქმედების ახალი ტრადიცია, სადაც ერთი ხელწერით, ერთი აქცენტით აკეთებდა ყველაფერს. ბილ გეითსი, უორენ ბაფეტი, ყველა ფილანტროფი, ქონების 10-და 20 პროცენტს არ ცდება ქველოქმედებაში, 95% კი უპრეცედენტო რამაა.

და ბოლოს, ადამიანის ყველა მთავარი აქტივობა ასეა დაპროექტებული, რომ მას ჯერ სხვა გასწავლის, ხოლო მერე შენით უნდა ქნა, მარტომ. ასეა, როცა სიარულს სწავლობ, ოდესღაც ხელი უნდა გაგიშვან და მარტო გაიარო, ასეა ცურვა, ველოსიპედის ტარება და ა.შ. ზუსტად ეს ქნა პოლიტიკაზეც ბიძინა ივანიშვილმა, ააწყო და დატოვა სისტემა. მოკლედ მინდოდა ამ ბლოგით მადლობა მეთქვა მისთვის, იმ პერიოდისთვის, იმ საინტერესო გამოცდილებებისთვის რაც მე მისგან, როგორც სუვერენისგან მივიღე“, – ამბობს გური სულთანიშვილი.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები