მიხეილ სარჯველაძე: არ მგონია, რომ მართლმადიდებლობის დომინანტური მდგომარეობა განაპირობებდეს რაიმე დისკრიმინაციას სხვა აღმსარებლობებთან მიმართებით
“არ მგონია, რომ მართლმადიდებლობის დომინანტური მდგომარეობა განაპირობებდეს რაიმე დისკრიმინაციას სხვა აღმსარებლობებთან მიმართებით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძე სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მნიშვნელოვანია ინციდენტებზე სწორი რეაგირება.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აღმსარებლობის თავისუფლება. ეს არის ფუნდამენტური უფლება, რასაც ეფუძნება თანამედროვე ქართული სახელმწიფო და ყველა ნაბიჯი მიმართულია მშვიდობის დამკვიდრებისკენ. ვისურვებდი, რომ ჩვენს საზოგადოებაში მსგავსი ინციდენტები არ არსებობდეს, დაცლილი იყოს ნებისმიერი შეუწყნარებლობისა და ძალადობისგან. ალბათ, მთავარი მოწოდება არის ის, რომ დღეს, როცა ქართული დროშის დღეა, ამ დროშის ქვეშ ყველა აღმსარებლობისა და განსხვავებული შეხედულების ადამიანი ერთიანდებოდეს და ემსახურებოდეს სახელმწიფო ინტერესებს.
ვერ ვიტყვი, რომ ბოლო პერიოდში, ხელისუფლების მიერ მიღებული რომელიმე გადაწყვეტილება წარმოადგენდა საეჭვოსა და დისკრიმინაციულს, ასეთი განცდა არ მაქვს. ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, როცა საუბარი ადამიანის უფლებებს და მით უმეტეს – აღმსარებლობას, რელიგიის თავისუფლებას ეხება. არ მგონია, რომ მართლმადიდებლობის დომინანტური მდგომარეობა განაპირობებდეს რაიმე დისკრიმინაციას სხვა აღმსარებლობებთან მიმართებაში. ეს ყოველთვის ჩვენი დაკვირვების საგანი უნდა იყოს და ნებისმიერი გადაცდომა დაუშვებელი იქნებოდა. საფუძველი არ მაქვს, ვთქვა, რომ ამ მიმართულებით რაიმე დარღვევას ადგილი აქვს. რაც შეეხება ანტისემიტიზმს, ეს ცალსახად გამოსარიცხი და დასაგმობია მისი გამოვლენის ნებისმიერი ფორმა. არ მგონია, რომ საქართველოში მსგავსი პრობლემა აქტუალური იყოს, რასაც ანტისემიტიზმი ჰქვია. ქართული გამოცდილება ერთ-ერთი სანიმუშოა, რაც ისტორიულად გვაქვს და არ მგონია, ამ მიმართულებით რაიმე შეშფოთების მიზეზი არსებობდეს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.