იაგო ხვიჩია: ივანიშვილმა გაუშვა ჩასაბეტონებლად გამზადებული სააკაშვილი

პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლისთანავე, ქართულ ოპოზიციაში ყველაზე აქტუალურია კითხვა: ,,ქართული ოცნების“ ლიდერმა მართლა დატოვა პოლიტიკა და საჯარო სივრცე, თუ ეს მხოლოდ ერთგვარი ხერხია, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას და განერიდოს პოლიტიკურ პროცესებს. ,,კვირა“ ,,გირჩის“ დამფუძნებელს, იაგო ხვიჩიას დაუკავშირდა:

-ბიძინა ივანიშვილის მმართველობის 8-წლიანი ციკლი დასრულდა. რა მიგაჩნიათ ამ მმართველობის დადებით და უარყოფით მხარეებად?

-ყველაზე პოზიტიური, რაც ივანიშილმა თავისი მმართველობის პერიოდში გააკეთა, იყო ის, რომ სახლში გაუშვა ჩასაბეტონებლად გამზადებული სააკაშვილი, რომელსაც სუსტი ქართული ოპოზიცია ვერაფრით მოერეოდა. ცალსახად პოზიტიური მოვლენა იყო ვიზალიბერალიზაცია, რომელიც დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. რაც შეეხება ივანიშილის მმართველობის უარყოფით მხარეებს, მან ქართველ ხალხს დაუტოვა საბჭოთა სასამართლო და, ზოგადად, საბჭოთა მმართველობის ფორმა. დაიწყო და ბოლომდე ვერ მიიყვანა პროპორციული არჩევნების სისტემა. როდესაც მის ხელში ამხელა ძალაუფლება იყო, შეეძლო მეტის გაკეთება, თუმცა, ვერ მოახერხა.

-ქართული ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას. თქვენც გგონიათ, რომ ის არსად წასულა და მისი განცხადება მხოლოდ ფორმალული იყო?

– მჯერა, რომ ბიძინა ივანიშილს არასოდეს ხიბლავდა საჯარო ცხოვრება და ნამდვილად უნდოდა პოლიტიკიდან წასვლა. თუმცა, ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რომ მას ეს ნამდვილად გამოუვა.

-რატომ?

-ამის გასარკვევად უნდა ვიკითხოთ, სად წავიდა ამხელა ძალაუფლება, რომელიც მის ხელში იყო აკუმულირებული. მოგეხსენებათ, ბუნებაში არაფერი იკარგება და ვერც ძალაუფლება დაიკარგება. საინტერესოა, ვინ გადაწყვეტს იმ კონფლიქტებს, რომლებიც ივანიშვილის წასვლის შემდეგ აუცილებლად გაჩნდება ,,ქართულ ოცნებაში.“ აქამდე, როგორც უზენაესი ქურუმი, ყველა სადავო საკითხს თავად არეგულირებდა. ვინ გადაწყვეტს, მაგალითად, კონფლიქტს, რომელიც წულუკიანსა და გახარიას, ან კობახიძესა და რომელიმე ლიდერს შორის წარმოიშობა?

-ივანიშვილის წასვლის შემდეგ მმართველ პარტიაში რა ცვლილებებს ელით ?

-,,ქართული ოცნება“ მიჩვეულია ბიძინა ივანიშვილის მმართველობას. მას ჰქონდა ნიჭი, დალაპარაკებოდა ბევრ ლიდერს, საერთო ენა გამოენახა სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანთან და ეს მისი ძლიერი მხარე იყო. კონფლიქტის შემთხვევაში, თავისთან იბარებდა მოდავე მხარეებს და საკითხები კონსენსუსამდე მიჰყავდა. თუ ივანიშვილი მართლა ტოვებს ,,ქართულ ოცნებას“, ეს მართლაც დიდ ძვრებს გამოიწვევს პარტიის შიგნით.

-,,ქართული ოცნების“ ლიდერის პოლიტიკიდან წასვლა პოზიცია-ოპოზიციის დიალოგსაც დაეტყობა?

-რასაკვირველია, ველი, რომ შეიცვლება მმართველი პარტიის ტონი. ერთ თვეში ბევრი ახალი კონფლიქტი იჩენს თავს, თუმცა, მთავარი ფაქტორი ქართული პოლიტიკიდან მაინც ივანიშვილის წასვლა-არწასვლის საკითხი დარჩება.

-,,ქართულ ოცნებაში“ ახალი ლიდერები გამოჩნდებიან?

-ლიდერობის სურვილი დღეს ბევრს აქვს. მაგალითად, კახი კალაძეს, რომელიც ყველაზე მომგებიანად გამოიყურება საჯარო სივრცეში, თუმცა, პოლიტიკური ცხოვრებისთვის მხოლოდ დადებითი იმიჯი და ქალაქში გაკეთებული საქმეები არ კმარა. აუცილებელია, ლიდერმა შემოიკრიბოს ნიჭიერი ადამიანები, შეკრას პოლიტიკური გუნდი, შეეძლოს დიალოგი ბევრი განსხვავებული იდეოლოგიისა და ხედვის ადამიანთან, მათ შორის, პოლიტიკოსებთან, ჰქონდეს უნარი – შეარიგოს დაპირისპირებული მხარეები და ასე შემდეგ. არ ვიცი, რამდენად ფლობდა ამ უნარებს კალაძე, როგორც გუნდის კაპიტანი და როგორ მოახერხებს იგი ამ უნარების განვითარებას უკვე, როგორც პოლიტიკური ლიდერი.

-პირადად თქვენ სერიოზულ ცვლილებებს ელით ქართულ პოლიტიკურ ველზე?

-ტექტონიკურ ცვლილებებს ველი, ბიძინა ივანიშვილს უნდა ეზრუნა კოალიციური მთავრობის შექმნაზე, რომ მის შემდეგ ცვლილებები რაც შეიძლება უმტკივნეულო ყოფილიყო, თუმცა, მან ეს ვერ მოახერხა. უახლოესი ერთი თვე დაგვანახებს, რა გზით განვითარდება პოლიტიკური პროცესები.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები