გიგი უგულავა: აბსოლუტურად უგუნური და გაუგებარია ის, რომ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია მომავალ ადგილობრივ არჩევნებს მიაბან
“აბსოლუტურად უგუნური და გაუგებარია ის, რომ წინა, საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია მიაბან მომავალ ადგილობრივ არჩევნებს”, – ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ახლა მსჯელობა არასერიოზულია.
„გასული საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტირებას მომავალ ადგილობრივ არჩევნებთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, ამიტომ ახლა, იანვარში, როდესაც ოქტომბრის ბოლოს უნდა ჩატარდეს არჩევნები, მონაწილეობა-არმონაწილეობაზე საუბარი არასერიოზულად მიმაჩნია, რადგან ამ წუთას სხვა პრიორიტეტები დგას პარტიების წინაშე ისევე, როგორც სახელმწიფოს წინაშე.
ამიტომ, მგონია, რომ ამ თემაზე სპეკულირება ისევ მოდის ხელისუფლებიდან, რადგან აბსოლუტურად უგუნური და გაუგებარია ის, რომ წინა, საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია მიაბან მომავალ ადგილობრივ არჩევნებს. ეგ დაახლოებით იგივეა, ფეხი რომ მოაბა თავზე, ასეთი ლოგიკის მქონე წინადადებაა. ამიტომ, არასერიოზული მგონია ახლა სერიოზული მსჯელობა იმაზე, ადგილობრივ არჩევნებზე ვინ როგორ და რა კონფიგურაციით გავა“, – აღნიშნა უგულავამ.