პაატა ზაქარეიშვილი: ივანიშვილი ფსონს ბუნებრივ პროცესებზე დებს, როგორც “დათა თუთაშხიაშია” ვირთხების კასრი, რომელი ვირთხაც ბევრ სხვას შეჭამს, იმაზე დადებს ფსონს ივანიშვილიც

„ქართულ ოცნებაში“ წამოიზრდება რამდენიმე ჯგუფი. ერთი, ალბათ, იქნება კახა კალაძე. ყველაფერი დამოკიდებულია კალაძის მოქმედებაზე. იგი თავის მერობას ადგილობრივ არჩევნებამდე აუცილებლად მიიყვანს, რათა თბილისელებს ანგარიში ჩააბაროს და თქვას, რომ, აი, მე ჩემი პირობები შევასრულე, ასევეა გახარიას ფლანგიც”, – ასე პასუხობს ექსპერტი და საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი „კვირას“ კითხვას, რამდენად შეძლებს მმართველი გუნდი დამოუკიდებლად, ივანიშვილის გარეშე ფუნქციონირებას.

ასევე, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია, თუ ივანიშვილი ნამდვილად შეწყვეტს გუნდის საქმეებში ჩარევას, ისინი შეძლებენ დამოუკიდებლად მუშაობას.

„კალაძე წარმატებული და პოპულარული მერია. ამ ფონზე მას აქვს შანსი, რომ დარჩეს მერად და კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი, სავარაუდოდ, გაიმარჯვებს კიდეც ან წავიდეს. თუ წავა, ესე იგი, მას უნდა პრემიერმინისტრობა. მე მგონია, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე მმართველ გუნდში დაპირისპირებები არ იქნება”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

იგი გახარიას ავტორიტეტზეც საუბრობს და ამბობს, რომ მან თავისი დასაყრდენი შეიძლება, სამეგრელოს რეგიონში ეძებოს.

„კვლევები რომ ჩავატაროთ, არ მგონია, რომ კალაძეს მასზე ნაკლები ავტორიტეტი ჰქონდეს, თუ არა მეტი იმიტომ, რომ თბილისელები კალაძეს ემადლიერებიან. ასევე, მას ძლიერი გუნდი ჰყავს მერიაში, ენერგეტიკის სამინისტროში. კალაძეს გათვლა აქვს თბილისზე, ქვემო ქართლზე, იმერეთზე, ღარიბაშვილს – კახეთზე, ხოლო გახარიას, სავარაუდოდ, სამეგრელოზე. გააჩნია, რომელი ძალა სად, როგორ მოიკიდებს ფეხს.

ბიძინა ივანიშვილის ხელში კვლავ რჩება ძალაუფლება, რა თქმა უნდა. იგი ჩრდილშია, მაგრამ მშვიდად არის. ის, რომ მან კობახიძე დანიშნა პარტიის თავმჯდომარედ, მშვენიერი მაგალითია იმისა, რომ მთელი დარტყმა უნდა მიიღოს ირაკლი კობახიძემ, ხოლო თუ იგი იმისთვის ინიშნება პარტიის თავმჯდომარედ, რომ ყველა დარტმა მიიღოს თავის თავზე, დაიცვას მთელი პარტია, მაშინ ეს მისი მხრიდან ძალიან ღირსეული ნაბიჯი იქნება. ჯერჯერობით, ივანიშვილი ფსონს არავისზე არ დებს, იგი ბუნებრივ პროცესებზე დებს ფსონს, მაგრამ თუ დადებს, როგორც “დათა თუთაშხიაშია” ვირთხების კასრი, რომელი ვირთხაც ბევრ სხვას შეჭამს, იმაზე დადებს ფსონს ივანიშვილიც”, – აცხადებს ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები