“ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ მას პოლიტიკა არ მოსწონს, არ უყვარს, ჯერ კიდევ პირველი წასვლიდან აკეთებდა ამას. მას რომ პოლიტიკიდან წასვლა უნდოდა, მემგონი, არავის ეპარებოდა ეჭვი”, – ამის შესახებ ექსპერტმა და საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც ექსპერტი მიიჩნევს, ივანიშვილს გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდებოდა გარანტიები, რომ თუ წავიდოდა, ყველაფერი კარგად იქნებოდა ქვეყანაში. მან შესაფერისი დრო ნახა ახლა და წავიდა კიდეც.
„ვრცელდება მოსაზრებები, თითქოსდა, იგი პასუხისმგებლობას გაექცა, მაგრამ მე ამ პოზიციას არ ვეთანხმები. მე ვფიქრობ, რომ ის მიდის მაშინ, როცა კარგად, მშვიდად არის სიტუაცია და მოდის, როცა ცუდად არის საქმე. ივანიშვილმა დაინახა, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად ჩაფლავებული, არ შესწევს არაფრის უნარი. იგი ხედავს, რომ ოპოზიცია ფეხზე ვერ დადგება, ხედავს, რომ მიუხედავად იმისა, „ქართული ოცნება“ ვარსკვლავებს არ წყვეტს, უფრო შეკრულია, თუნდაც ეს მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე. ამიტომ, დღეს კარგი დროა, რომ „ოცნება“ ჩამოყალიბდეს, როგორც პარტია, რადგან ვიდრე იგი პატრონობს „ქართულ ოცნებას“, პარტია „სუქდება“ და არაფერს აკეთებს”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ექსპერტმა ისაუბრა ივანიშვილის საბოლოო წასვლაზეც და ასევე, რამდენად სარწმუნო უნდა იყოს ის, რომ იგი ამჯერად ნამდვილად ბოლოჯერ წავიდა პოლიტიკიდან.
„მე მჯერა, ბიძინა ივანიშვილი წავიდა, მაგრამ არ მჯერა, რომ მან ეს სამუდამოდ გააკეთა. დარწმუნებული ვარ, მას არ უნდა დაბრუნება, ის ყველაზე საშინელ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენს დაბრუნებას, მაგრამ თუ დასჭირდა – დაბრუნდება.
იგი სულ ცოტა 1 წელი დადუმდება, ხმას არ ამოიღებს. ფსკერზე დაწვება და საერთოდ ტელეფონს არ უპასუხებს, მჯერა მე. ამ ყველაფერს იმიტომ გააკეთებს, რომ მართლა უნდა „ოცნება“ ჩამოყალიბდეს პარტიად. ეს შემთხვევა, დაახლოებით, იმას ჰგავს, როცა მშობელს სურს, რომ თავისი ზრდასრული, 30 – 40 წლის შვილი საქმეს ეწიოს და გააგდოს სახლიდან. „ქართული ოცნება“ აღარ არის ბავშვი.
სააკაშვილი მისთვის ნულია, არავინ აღარ არის. იგი მისგან ქმნიდა, ბერავდა რაღაცას რომ შემდეგ მასზე ესაუბრათ. ივანიშვილს სჭირდებოდა, რომ ხალხს არ ელაპარაკა პენსიებზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, კონფლიქტების მოგვარებაზე და ა.შ, ყველაზე მარტივი იყო, ესაუბრათ სააკაშვილზე და ამიტომ იგი ქმნიდა სააკაშვილისგან არარსებულ ლეგენდას, თითქოს, ის ბრუნდებოდა. პროპაგანდით გაბერილმა სააკაშვილმა არჩევნებზე 27%-იც ვერ აიღო,“ – განაცხადა ექსპერტმა.
“კვირას” კითხვაზე, “ეთანხმებით თუ არა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გაშვება ივანიშვილის ყველაზე დიდი ქველმოქმედება იყო”, პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს, რომ დიახ, 2012 წელს სააკაშვილის გაშვება ნამდვილად მისი დამსახურება იყო და ამის დავიწყება არ შეიძლება, შეიძლება ითქვას, რომ იგი გვამადლის კიდეც სააკაშვილის გასტუმრებას.
„კი, „ნაცმოძრაობის“ გაშვება მისი დამსახურებაა, ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ არა 2020 წელს, ახლა სააკაშვილი ნულია, ჩვარია.
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი რასაც აკეთებს ჩემთვის მიუღებელია, დღეს სააკაშვილზე საუბარი ყოვლგვარ აზრს მოკლებულია, თუმცა 2012 წელი ნამდვილად მისი დამსახურებაა და ამის დავიწყება არ შეიძლება. შეიძლება ითქვას, რომ იგი გვამადლის კიდეც სააკაშვილის გასტუმრებას.
გამომდინარე იქედან, რომ „ქართულ ოცნებას“ პრობლემები ჰქონდა და ეკონომიკურ გამოწვევებს ვერ გაუმკლავდა, ლეღვის ფოთოლივით აიფარეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარსული,“ – განაცხადა ექსპერტმა „კვირასთან“ საუბრისას.