ბიძინა ივანიშვილი: ზოგს უკვირს, რატომ არ შეიცვალნენ მინისტრები, პრემიერმა არ ისურვა, მითხრა, რომ მოსწონს გუნდი

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გიორგი გახარია მთავრობის ხელმძღვანელობას კარგად ართმევს თავს და კარგია, რომ არჩევნების შემდეგ მთავრობის გუნდი უცვლელი დარჩა.

მისივე თქმით, მთავრობის შემადგენლობის შეცვლა გიორგი გახარიამ არ ისურვა.

„ზოგს უკვირს, რატომ არ შეიცვალნენ მინისტრები. ეს პრემიერმა არ ისურვა. ვიღაცებს ილუზიები აქვთ, რომ ივანიშვილმა მოახვია თავს, მაგრამ, გარწმუნებთ, რამდენჯერმე დავუსვი კითხვა გიორგის, ვის შეცვლას აპირებ, ჰქონდა რაღაც კითხვები, რაც საჯაროდ აღარ ითქმის, რაღაც სხვა გეგმები, რაზეც მას ჰქონდა აბსოლუტური თავისუფლება. ბოლოს მახსოვს, ხელს როცა ვაწერდი მის პრემიერად წარდგენას, მითხრა, რომ არავის არ შეცვლის, მოსწონს ეს გუნდი“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, პარტიის დატოვების გადაწყვეტილების შემდეგ გუნდის საქმიანობაში არ ჩაერევა.

„გუნდი საკმაოდ გამოცდილია, ჩემი რჩევები არ სჭირდებათ. ვფიქრობ, რომ თავადაც დაიცავენ თამაშის წესს, რაზეც შევთანხმდით. თუ ასეთი მოხდება, აუცილებლად უარით ვუპასუხებ, რომ თუ პირადული რამე გაქვს, კი ბატონო, სიამოვნებით, მაგრამ პოლიტიკური თემები, სჯობს, გადაწყვიტოთ გუნდთან ერთად. ამავდროულად, ჩვენ გვყავს სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ ვმეგობრობთ ევროკავშირთან, ნახეთ, როგორი კარგი ურთიერთობები დამყარდა. მათ შეუძლიათ, დამატებითი რჩევები მიიღონ პარტნიორებიდან და არა ჩემგან“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს “პირველ არხთან” ინტერვიუში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები