იოსებ არჩვაძე: ივანიშვილმა თანამედროვე ქართულ პოლიტიკასა და ბიზნესში ეთიკური ქცევის ნორმებისა და წესების დამყარებას დაუდო საფუძველი
„ბიძინა ივანიშვილი მიდის პოლიტიკიდან და საკუთარი ქონების 95 პროცენტს ტოვებს საქველმოქმედო საქმიანობისათვის, საკუთარი ხალხისათვის. მისი ეს ქმედება თავისი მასშტაბურობით საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს – ამით ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკაც და ბიზნესიც ჰუმანური და ჰუმანისტური უნდა იყოს, როგორც ერთის, ისე მეორის ქვაკუთხედს ადამიანებზე ზრუნვა და მათი დახმარება უნდა წარმოადგენდეს. აბსტრაქტული ჰუმანიზმი არ არსებობს”,- წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე.
როგორც არჩვაძე აცხადებს, ჰუმანიზმი ყოველთვის კონკრეტულ ქმედებებსა და კონკრეტულ პირთა და კონკრეტული სოციუმის, საზოგადოების მიმართ განხორციელებული ქმედებებია და ბიძინა ივანიშვილის მიერ ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე გადადგმული ნაბიჯები ამის მკაფიო დადასტურებაა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა აჩვენებს, თუ როგორი უნდა იყოს იდეალური ბიზნესმენი – ფული უნდა ემსახურებოდეს კეთილ, ჰუმანურ საქმეებს.
„ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე, „ფორბსის” ქართული გამოცემისათვის მიცემულ ინტერვიუში 2012 წლის 28 მარტს, ივანიშვილი ამბობდა: „არ მიმაჩნია, რომ ჭარბი ფული არის წარმატების სიმბოლო. ბევრი მდიდარი ვიცი, ვინც გაუბედურებულია და არ იცის, რისთვის ცხოვრობს, მთელი სიცოცხლე სდევდა ფულს, იშოვა კიდეც, მაგრამ მე ვერ ვხედავ მათ წარმატებას და ბედნიერებას”. ვინც იცნობს ივანიშვილის ცხოვრების კრედოს, მისი ზემოხსენებული გადაწყვეტილება არ არის იმპულსური, კონიუნქტურული – იგი მთლიანად შეესაბამება მის ცხოვრებისეულ პრინციპებს. ზემოხსენებულ ინტერვიუში იგი იმასაც ამბობდა, რომ „ყველა გლობალურ კრიზისშიც ძალიან ბევრია პიროვნული. ყველაფრის სათავე კი ადამიანის სიხარბეა”. ამიტომაც სიმბოლურია, რომ მის პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას რუსთაველის ცნობილი აფორიზმი „რასაც გასცემ – შენია”, აქვს წამძღვარებული.
აქვს პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი – მის სოციალურ და საქველმოქმედო პროექტებში განხორციელებული ინვესტიციების მიღმა აგრეთვე უნდა დავინახოთ ბოლო წლებში განხორციელებული „მენტალური ინვესტიციაც” იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობას გამოუმუშავდა მყარი იმუნიტეტი იმისათვის, რომ საკუთარი კეთილდღეობის ბედი აღარ ანდოს ქვეყნის გარეთ გადახვეწილ თუ ქვეყანაში დარჩენილ პოლიტიკურ ავანტურისტებს, რომლებსაც იმდენად უყვართ საქართველოსთან მიმართებაში საკუთარი თავი, რომ ამ ქვეყნის სიყვარულისთვის საკუთარ გულში ადგილიც აღარ რჩებათ.
თავისი გადადგმული ნაბიჯით ივანიშვილმა ორი გაკვეთილიც ჩაატარა: ერთი – პოლიტიკოსებს – თუ როგორ არ უნდა გაიხადონ პოლიტიკაში ყოფნა თვითმიზნად და როგორ არ უნდა შეწირონ მას კოლეგიალობის, ტრადიციებისა და ღირსების ელემენტები, მეორე კი – ბიზნესმენებს, შეახსენა რა მათ, რომ ფული კარგი მსახურია, თუ ის მისი მფლობელის კეთილი საქმეების კეთებას ემსახურება და ცუდი ბატონია, თუ მისი მორჩილი ხდები. ამით ივანიშვილმა თანამედროვე ქართულ პოლიტიკასა და ბიზნესში ეთიკური ქცევის ნორმებისა და წესების დამყარებას დაუდო საფუძველი”,- წერს იოსებ არჩვაძე.