ნიკოლოზ მეტრეველი: ,,კეთილი ამერიკელი’’ პრეზიდენტის მოლოდინი ქართული ოპოზიციის არჩევანია
ბიძინა ივანიშვილის პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობის პოსტიდან გადადგომამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ქართულ ოპოზიციურ სპექტრში. ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მორვაწეობის შესაფასებლად ,,კვირა“ პოლიტიკურ ექსპერტ ნიკოლოზ მეტრეველს დაუკავშირდა:
-ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან წავიდა. რას შეცვლის ეს ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში?
-ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა პირადად ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ჯერ კიდევ ზაფხულში, როდესაც ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი გადალაგდა, პრემიერმინისტრის სავარძელი გიორგი გახარიამ დაიკავა, პარლამენტის თავმჯდომარისა – არჩილ თაკალვაძემ, თავდაცვის მინისტრი კი ღარიბაშვილი გახდა, ყველასთვის ნათელი იყო, რომ უახლოესი 5 წლის განმავლობაში პარტია ამ სახით წარდგებოდა მომავალ არჩევნებზე. ყველას გვახსოვს, რომ ივანიშვილი უკვე 2012 წლის გამარჯვების შემდეგ აანონსებდა პოლიტიკიდან წასვლას. 2012 წლის არჩევნებში მისი პოლიტიკაში მოსვლა სისხლიანი რეჟიმის ერთხელ და სამუდამოდ დამხობას უკავშირდებოდა. მან ყველაფერი, მათ შორის, საკუთარი სიცოცხლე დადო რეჟიმის დასამარცხებლად და საქართველოს უდიდესი ბოროტება, სააკაშვილი ჩამოაშორა.
-ივანიშვილი ერთხელ უკვე წავიდა ქართული პოლიტიკიდან, თუმცა, ორიოდ წელში ისევ დაბრუნდა, რა გახდა ამის მიზეზი?
-გუნდის განახლება და გადალაგება. დღეს მმართველ პარტიას ჰყავს გამორჩეული უნარების მქონე კრიზისმენეჯერი – გახარია პრემიერმინისტრად, ქვეყანაში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, ყველა ევროპულმა ქვეყანამ აღიარა ქართული არჩევნები, როგორც დემოკრატიულ გარემოში ჩატარებული თავისუფალი პროცესი. დემოკრატიული სამყარო შემობრუნდა საქართველოსკენ. თუ გახსოვთ, 2008 წლის ომის შემდეგ არცერთი დასავლური ქვეყნის სერიოზული ლიდერი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აღარ დალაპარაკებია. რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, საქართველო რუსეთის ორბიტაზე დარჩებოდა, რასაც დღემდე არაერთი ოპოზიციური პარტია ცდილობს.
-,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სერიოზულად ღელავენ, ბიძინა ივანიშვილის წასვლით ხომ არ შეიცვლება ქვეყნის პოლიტიკური კურსი?
-იმ მილიონზე მეტ ამომრჩეველს, რომელმაც 2020 წელს მხარი ,,ქართულ ოცნებას“ დაუჭირა, ვეტყვი, რომ ნერვიულობის საბაბი არ აქვთ. მიხეილ სააკაშვილის ,,ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში გამორიცხულია. ქვეყანაში გამართულად მუშაობს ყველა ინსტიტუცია, მმართველ პარტიას კი, სავარაუდოდ, სათავეში ირაკლი კობახიძე ჩაუდგება და ღირსეულად განაგრძობს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას.
-რაც შეეხება პოზიციასა და ოპოზიციას შორის დაანონსებულ, მოლაპარაკებათა მე-5 რაუნდს, სავარაუდოდ, როგორ გაგრძელდება იგი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდგომ?
-ივანიშვილი ხელს არასოდეს უშლიდა ამ მოლაპარაკებს. მისი, როგორც პარტიის თავმჯდომარის როლი ამ პროცესებში მინიმალური იყო. თუ ოპოზიცია გადაწყვეტს პარლამენტში შესვლას, უახლოეს ხანებში უნდა შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში, თუ არა – პოლიტიკური პროცესები მათ გარეშეც გაგრძელდება. ვფიქრობ, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტია მაინც დაიკავებს საპარლამენტო სავარძლებს.
-ტრამპის წასვლა და ბაიდენის მოსვლა ამერიკის შეერთებული შტატების სათავეში რამდენად წაახალისებს ქართული ოპოზიციის პროტესტს?
-ოპოზიციონერი ლიდერები საქართველოში ჯერ კიდევ ტრამპის მოსვლის წინ აანონსებენ, რომ ამერიკული პოლიტიკა საკმაოდ გამკაცრდებოდა საქართველოს ხელისუფლებაში მოსული ,,რუსი ოლიგარქის“, ივანიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა ოპოზიციას ბაიდენის იმედი აქვს და ელის, რომ ბაიდენი ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისკენ გადაიხრებიან და მათ დაუჭერს მხარს. როდესაც ბაიდენის იმედიც გადაეწურებათ, ალბათ, მომავალ 4 წელიწადსა და ამერიკის ახალ პრეზიდენტს დაელოდებიან. რას იზამთ, ,,კეთილი ამერიკელი პრეზიდენტის“ მოლოდინი ქართული ოპოზიციის არჩევანია.