ნინო ბურჯანაძე: ჩვენ გვახსოვს ივანიშვილის წასვლა ხელისუფლებიდან და პოლიტიკიდან, ოღონდ აბსოლუტური არაფორმალური მმართველობა გრძელდებოდა და როცა მოუნდა, დაბრუნდა
“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას აფასებს.
ბურჯანაძის თქმით, საზოგადოებას ახსოვს ივანიშვილის წასვლა ხელისუფლებიდან და პოლიტიკიდან, ოღონდ აბსოლუტური არაფორმალური მმართველობა გრძელდებოდა და როცა მოუნდა, დაბრუნდა პოლიტიკაში.
“ჩვენ გვახსოვს ივანიშვილის წასვლა ხელისუფლებიდან და პოლიტიკიდან, ოღონდ აბსოლუტური არაფორმალური მმართველობა გრძელდებოდა და როცა მოუნდა, დაბრუნდა პოლიტიკაში. ძალიან საინტერესო რამდენიმე პასაჟი იყო – ივანიშვილმა თქვა, ყველაფრს გაკეთებას არ ეყო 2-3 წელიო, ეტყობა, ხელისუფლებაში ყოფნის 8 წელი მას 2-3 წლად მოეჩვენა. ასევე, განაცხადა, რომ ამაყი მივდივარ, რადგან ყველა ძირითადი დაპირება შევასრულეო. ეს ახლა გადაწყვიტოს იმ ადამიანებმა, ვინც ,,ქართულ ოცნებას,, მისცა ხმა – შეასრულა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ყველა დაპირება, რომელიც 2012 წელს მოგვცა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.