ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ვ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 იანვარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით, მეზობელს – 1963 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.