თენგიზ ცერცვაძე – შეზღუდვები მოიხსნება, არ ვიცი, როდის, მაგრამ რეგულაციები უნდა დარჩეს
ჩვენთან კორონავირუსით ინიფიცირების ახალი შემთხვევები მნიშვნელოვნად, სერიოზულად, დაახლოებით, 3-ჯერ, 4-ჯერ შემცირდა, თუ იყო 5 000-მდე დღეში, ახლა სადღაც 1 000-დან 2 000-მდეა, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელელთან“ საუბარში განაცხადა.
ცერცვაძის თქმით, ქვეყნის ხელმძღვანელობის, ჯანდაცვის სამინისტროს და ჩვენი ექიმების ამოცანაა, რომ იმ მოხსნილი შეზღუდვების პირობებში შევინარჩუნოთ შემცირებული რიცხვი.
„იყო იმის მოლოდინი და შიში, წინასაახალწლოდ შეზღუდვების ერთკვირიანი მოხსნა ხომ არ გამოიწვევდა ისევ შემობრუნებას უკან, ე.წ. მესამე ტალღის დასაწყისს. საბედნიეროდ, ჯერჯერობით ამ შეზღუდვების მოხსნის პერიოდიდან უკვე გავიდა 10-12 დღე და არ ფიქსირდება ასეთი ზრდა.
როგორც ჩანს, ახალი წლის წინა პერიოდში მოსახლეობა უფრო მობილიზებული იყო და უფრო მეტად იცავდა რეგულაციებს, ვიდრე მანამდე. ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის, ჯანდაცვის სამინისტროს და ჩვენი ექიმების ამოცანაა, რომ როდესაც მივაღწევთ, მნიშვნელოვან შემცირებას და მოიხსნება შეზღუდვები, იმ მოხსნილი შეზღუდვების პირობებში შევინარჩუნოთ ის შემცირებული რიცხვი. შეზღუდვები მოიხსნება, არ ვიცი, როდის, მაგრამ რეგულაციები უნდა დარჩეს“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.