სერგო ჩიხლაძე: გვაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები შედგება და შედეგს გამოიღებს
“თუ პოლიტიკური შეთანხმება შედგა, რა თქმა უნდა, სხვა პარტიის წარმომადგენლებსაც იხილავს ბატონი კობახიძე პარლამენტში”, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერი, სერგო ჩიხლაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას.
ჩიხლაძე იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები შედგება და შედეგს გამოიღებს.
„ქართულ ოცნებას“ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ინდივიდური კომუნიკაცია არ ჰქონია. ასევე, ვიცი, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ვისთანაც ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მათთანაც არ ყოფილა. ეს არის ირაკლი კობახიძის განცხადებები და დიდი ეჭვი მეპარება ამ განცხადებების სიმართლეში. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მოლოდინში ვართ. თუ შედგება მორიგი რაუნდი, დაგვანახებს, რამდენად სერიოზულია ეს მოლაპარაკებები და, საერთოდ, რა პერსპექტივა აქვს. დიდი იმედი გვაქვს, რომ „ქართულ ოცნებაში“, კობახიძის გარდა, სხვა ადამიანებიც არიან, რომლებიც პროცესებს უფრო რაციონალურად და საღად უყურებენ. ამიტომ, ვრჩებით მოლაპარაკების მაგიდასთან. გვაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები შედგება და შედეგს გამოიღებს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
გუშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა რამდენიმე პარტიას პარლამენტში ელოდება. ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი.