გია აბაშიძე: 2021 წელს საქარველოს ხელისუფლებას ექნება ამერიკის ურყევი მხარდაჭერა

2020 წლის საქართველოსა და ამიერკავკასიაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენათა შესაფასებლად ,,კვირა“ ექსპერტ გია აბაშიძეს დაუკავშირდა;

-2020 წელი მთელი მსოფლიოსთვის უმძიმესი აღმოჩნდა. მთავარ პოლიტიკურ მიღწევად საქართველოში რა მიგაჩნიათ?

-კაცობრიობა ურთულესი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. პანდემიამ როგორც სამედიცინო, ისე ეკონომიკური კრიზისის წინაშე დააყენა განვითარებული თუ ნაკლებგანვითარებული ეკონომიკის ქვეყნები. ასეთი პრობლემების წინაშე შესაძლოა, საუკუნეში ერთელაც არ აღმოჩნდეს მსოფლიო. რაც შეეხება ქართულ პოლიტიკას, 2020 ამ მხრივაც უნიკალური წელი აღმოჩნდა. ქვეყანამ პროპორციული სისტემით აირჩია პარლამენტი, რომელშიც ბარიერი გადალახა 9 პოლიტიკურმა სუბიექტმა. მართალია, საპარლამენტო სავარძლები, ჯერჯერობით, მხოლოდ ,,ქართული ოცნების“ დეპუტაციამ დაიკავა, მაგრამ პარლამენტს ვერავითარ შემთვევაში ვერ ვუწოდებთ “ბრეჟნევისდროინდელ, ერთპარტიულ საკანონმდებლო ორგანოს”, როგორც ეს სურს, წარმოადგინოს ოპოზიციურმა სპექტრმა. ხელისუფლების მიტაცებას ,,ქართულ ოცნებას“ ვერ დავაბრალებთ იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციამ, ჯამურად, 52%-იანი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო სახელისუფლო პარტიამ – 48%-იანი. ქართველი ამომრჩეველი არ აპირებს ტყუილში ცხოვრებასა და ოპოზიციური ნარატივის აყოლას მაშინ, როდესაც მთელი დასავლეთი გიორგი გახარიას ულოცავს დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებსა და პრემიერმინისტრის თანამდებობას. გასული წლის მთავარ მოვლენად მიიჩნევა ის ფაქტიც, რომ მიუხედავად მწირი ბიუჯეტისა, საქართველო წარმატებით გაუმკლავდა პანდემიის პირველ და მეორე ტალღას, რომელთან გამკლავებაც საკმაოდ გაუჭირდათ განვითარებული ეკონომიკის ევროპულ ქვეყნებსა და ამერიკასაც. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ხელისუფლების სწორ ნაბიჯებსა და სამოქმედო გეგმას პანდემიის პერიოდში და აღნიშნა, რომ 2021 წელსაც ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს დახმარებას. სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ საქართველო, დასავლელი პარტნიორების დახმარებითა და ეფექტური სახელისუფლო ღონისძიებების შედეგად, ძირს არ დაენარცხა, მიუხედავად დიდი ეკონომიკური ზარალისა, ის მაინც ფეზე დგას და ვითარდება.

-ქართული ოპოზიციის გადაწყვეტილებას, არ შევიდეს პარლამენტში, ვიდრე საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება, როგორ შეაფასებდით?

-ჩვენს ქვეყანას ჟანგბადივით სჭირდება ხელისუფლებასთან შინაარსობრივად მოპაექრე ოპოზიცია, რომელიც არსობრივად ებრძვის ხელისუფლებას ეკონომიკური, სამედიცინო, განათლებისა თუ ქვეყნისთვის სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროგრამების მიღებისა და განორციელებისას, სთავაზობს უკეთეს იდეებსა და სამოქმედო პროგრამებს. მხოლოდ ასეთი ჯანსაღი პაექრობისას ვითარდება დემოკრატია და ქვეყანა მიდის წინ. მართალია, 2020 წლის ბოლოს ქართულ შიდაპოლიტიკურ სივრცეში არასახარბიელო სურათი გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 2021 წლის საგაზაფულო სესიაზე პარლამენტში ვიხილავთ რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს.

-პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანამ არცთუ სახარბიელო სიტუაციაში ჩააგდო ოპოზიცია.

-არჩევნების დამთავრებიდან რამდენიმე კვირაში ჩვენ ვხედავთ ოპოზიიის ჩამოშლის პროცესს. მიუხედავად ჩემი უარყოფითი დამოკიდებულებისა გრიგოლ ვაშაძის პერსონის მიმართ, არ შეიძლება, ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯომარის პოსტიდან მისი გადადგომა და პოლიტიკიდან წასვლა დადებითად არ შევაფასო. ვაშაძე საბჭოთა დილომატია და კარგად მოეხსენება, რომ ფასილიტატორი დიპლომატების ლანძღვა დასავლეთზე თავდასხმას ნიშნავს, რომელიც დამღუპველია დიპლომატიაში. ქართული ოპოზიცია, რომელიც დეკლარირებულად დასავლური ფასეულობების ერთგულია, რეალურად, ჟირინოვსკისავით იქცევა და რუსეთის პოლიტიკური თამაშის ნაწილი გახდა. ,,ევროპულმა საქართველომ“ აჩვენა, რომ ყველაზე დიდი ლუზერია ქართულ პოლიტიკურ სუბიექტთა შორის. როდესაც პარტიის ლიდერები მაჟორიტარულ არჩევნებში 6%-საც ვერ აგროვებენ, ისინი პოლიტიკურ ავანსცენას უნდა ჩამოშორდნენ. ელენე ხოშტარია დროზე მიხვდა პარტიის მოსალოდნელ კრახს და დისტანცირდა ,,ევროპული საქართველოდან“. ხოშტარია ახლა ახალგაზრდებსა და ახალ სახეებთან ერთად აპირებს თავისი სათქმელის თქმას ქართულ პოლიტიკაში, მთავარია, ეს სათქმელი პოლიციისა და ნაგვის მანქანებზე სირბილით არ დასრულდეს. ,,გირჩი“, რომელიც თავისუფლებისა და ლიბერალიზმის სადარაჯოზე მყოფი პოლიტიკური გაერთიანებად წარმოგვიდგა, რეალურად, ტოტალური სექტა აღმოჩნდა, რომლის პოლიტიკური სტრუქტურა დიდ გაუგებრობად დარჩა. შესაძლოა, ზურაბ ჯაფარიძეს კიდევ ჰქონდეს რაიმე სახის პოლიტიკური მომავალი, პარტიის მეორე განაყოფისა კი რა მოგასენოთ…

-რაც შეეხება ოქრუაშვილსა და ბურჯანაძეს, რომლებიც უკანასკნელი კვირის განმავლობაში მთავარ ოპოზიციურ ,,საფრთხობელებად“ იქცნენ?

-თუ დაიჯერებთ, მათი პარტიების სახელებიც კი არ ვიცი, რომლებიც ამ დრომდე შპს-ებად დარჩნენ… სადმე ოდესმე გინახავთ ბურჯანაძის ან ოქრუაშვილის მიერ შეკრებილი მხარდამჭრები? ორივე მათგანს ვურჩევდი, პოლიტიკას საერთოდ ჩამოშორდნენ, თუ არ უნდათ, არყოფნის უფსკრულში ჩაცვივდნენ. მათი უპროცენტო რეიტინგი და ნებისმიერი პოლიტიკური გამოსვლა ლოგიკას აცდენილია. ნინო ბურჯანაძის ყალბი ორიენტირების გამო მოსკოვიც კი მასზე ფსონს აღარ დებს. ამიტომაც, ამ ქალბატონმა სჯობს, ოჯახს მიხედოს, ისევე – როგორც ოქრუაშვილმა-სოფლის მეურნეობას შიდა ქართლში. ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციას ყურადღებას არავინ აქცევს არც დასავლეთში და არც აღმოსავლეთში. საინტერესოა, რა ხდება ,,ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ოცეულში. ,,მედასავლეთე“ ,,ნაცების,, ლიერები წარსულში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენები, ჩრდილოელი მეზობლის მეხოტბე ადამიანები არიან, რომელთაც ძნელია, ვუწოდოთ პოლიტიკოსები.

-თუმცა, ,,ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე პრეტენზიას აცხადებს დასავლური ფასეულობების ერთგულებაზე…

-ეს იგივეა, იმის მტკიცება რომ დავიწყო, დღეს დეკემბერი კი არა, ივლისია და საშინლად ცხელაო. ადამიანები დაიღალნენ ოპოზიციის ინტრიგებით. ამას წინათ რომელიღაც კვლევითი ცენტრის მონაცემებს ვათვალიერებდი ქართული ტელესივრცის გადაცემათა რეიტინგების შესახებ და გავოცდი: საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 3% უყურებს პოლიტიკურ თოქშოუებს. მაყურებელთა უმრავლესობას აინტერესებს გასართობი და კულინარული გადაცემები, სერიალები, ტელეთამაშები. პოლიტიკოსთა, ჟურნალისტთა და ექსპერტთა ვიწრო წრე რჩება თოქშოუთა მაყურებლად, ესაა და ეს.

-გასული წელი სამხრეთ კავკასიისთვისაც დიდი კატაკლიზმებით აღინიშნა. აღმოჩნდა, რომ მომავალ კავკასიურ პოლიტიკაში საქართველოც ერთ-ერთი საინტერესო მოთამაშე შეიძლება, გახდეს?

-მე-2 ტურის არჩევნების წინ საქართველოს ეწვია მაიკ პომპეო, ამერიკელი ტოპ. დიპლომატი. სწორედ მან გაახმოვანა ამერიკის პოლიტიკური წრეების გადაწყვეტილება, რომ ფინანსურად მხარს დაუჭერდნენ საქართველოს. ამ ვიზიტის შემდეგ ქვეყანამ მალევე მიიღო 132 მილიონი ამერიკული დოლარი ამერიკული დახმარების ფარგლებში. ბაიდენის არჩევის შემდეგ, ამერიკელი მეინსტრიმ ანალიტიკოსები აჟღერებენ პოზიციას, რომ სამხრეთ კავკასიაში მათ ერთადერთ კუნძულად საქართველო ეგულება, რომელიც კავკასიაში ამერიკული ინტერესების გატარებისას საიმედო მეკავშირე იქნება. მრავალწლიანი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ რაზეც ასეთი დონის ანალიტიკოსები საუბარს იწყებენ და პოლიტიკურ განწყობებსა და ველს ამზადებენ, ძალიან მალე ამასვე აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, ტრამპი იქნება ის თუ ბაიდენი. ასე რომ, ჩვენი ოპოზიციონერი ლიდერების იმედები, რომ მოვა ბაიდენი, თითს დაუქნევს ,,ქართულ ოცნებას“ და ცალსახად მათ მხარეს დაიჭერს, ძალიან ცდება. ასე მხოლოდ ნათელაშვილის ფანჩატურის პოლიტიკოსებმა შეიძლება, იაზროვნონ. დღეისათვის, შეიძლება ითქვას, რომ 2021 წელს საქარველოს ხელისუფლებას ექნება ამერიკის ურყევი მხარდაჭერა. ოპოზიცია კარგად უნდა დაფიქრდეს, რა პოლიტიკურ მომავალს უმზადებს საკუთარ თავს და სააკაშვილს არ გადააყოლონ პოლიტიკური მომავალი, რომელსაც ბოლო წლებია, არცერთი სერიოზული დიპლომატი აღარ ხვდება და მას კარგა ხანია, მსოფლიო პოლიტიკა ,,ჩარეცხილად“ მიიჩნევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები