თეა ახვლედიანი: გაყოფილ საზოგადოებებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშესაწყობად „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის” ამოქმედდა”
„სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში წელს სრულფასოვნად ამოქმედდა ფინანსური მექანიზმი „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის”, რომელმაც პანდემიის მიუხედავად პირველი საგრანტო კონკურსი წარმატებით ჩაატარა”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, გაყოფილ საზოგადოებებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშესაწყობად, 14 საუკეთესო ბიზნეს-პროექტი უკვე შერჩეულია.
„სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, წელს სრულფასოვნად ამოქმედდა ფინანსური მექანიზმი „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის”, რომელმაც პანდემიის მიუხედავად წარმატებით ჩაატარა პირველი საგრანტო კონკურსი. გაყოფილ საზოგადოებებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშესაწყობად, უკვე შერჩეულია 14 საუკეთესო ბიზნეს-პროექტი, რომელთა დაფინანსება მომავალი წლიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ფონდი გრანტებს საერთაშორისო პარტნიორების დაფინანსებით გასცემს; ამ კუთხით მზადყოფნა უკვე დაადასტურა გერმანიამ და შვეიცარიამ.
რაც შეეხება საგანმანათლებლო მექანიზმს – სკოლის შემდგომი მოსამზადებელი და სხვა საშეღავათო პროგრამების შედეგად, წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ოკუპირებული რეგიონებიდან ჩაირიცხა სამჯერ მეტი, 400-მდე სტუდენტი. ეს უპრეცედენტო პროგრამა მორგებულია ახალგაზრდების საჭიროებებზე და ითვალისწინებს სწავლების დაფინანსებას, სტიპენდიასა და საცხოვრებლით უზრუნველყოფას”, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.