ნათია თურნავა: რამდენიც უნდა იყოს ეს ფასნამატი, მთავრობა ყველას, ვინც თვეში 300 კილოვატ ელექტროენერგიას მოიხმარს, ამ ნამატს დაუსუბსიდირებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ​უწყებას არ შეუძლია სემეკ-ის​ კომპეტენციაში ჩაერიოს, თუმცა შეუძლია დაიცვას მოსახლეობა ტარიფის ზრდისგან, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდა.

ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რამდენიც არ უნდა იყოს ეს ფასნამატი და ტარიფის ზრდა მოსახლეობისთვის, ჩვენ ამ 12 თვის, ყველაზე რთული პოსტკრიზისული წლის განმავლობაში, სრულად დავასუბსიდირებთ ტარიფის ნაზარდს ჩვენი მომხმარებლების უდიდესი უმრავლესობისთვის – მათთვის ვინც, მოიხმარს 300 კლვტ ელექტროენერგიას თვეში და ასეთია ჩვენი ოჯახების 95 პროცენტი,” – განაცხადა თურნავამ..

მისი თქმით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 3 წლის წინ დამტკიცდა. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა, მათ შორის ბევრი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის გადამცემ ხაზებში, რაც, საბოლოო ჯამში, ტარიფში აისახება.

„2020 წელს პანდემიამ უდიდესი კრიზისი გამოიწვია, რამაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ბევრი ბიზნესი და მათ შორის ენერგეტიკის სექტორი, რომელიც არის ყველა სხვა ბიზნესის ხერხემალი. შემცირდა ეკონომიკა, შემცირდა მოხმარება, შეუმცირდათ ენერგოკომპანიებს შემოსავლები და ამან შეიძლება რისკის ქვეშ დააყენოს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდება, თუ არ მოხდება ტარიფის შესაბამისი კორექტირება, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა,” – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ტარიფის ზრდას, პრაქტიკულად, ვერ იგრძნობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები