გიგი უგულავა – ელენე ხოშტარიაზე: ჩვენ შორის არანაირი უთანხმოება არ ყოფილა
“დიდი ხანია, გადაწყვეტილება მომწიფებული იყო, უბრალოდ, ახლა გადავწყვიტეთ, რომ ეს მომენტი ერთობლივად შეგვერჩია – ჩვენ შორის არანაირი უთანხმოება არ ყოფილა”, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა პარტიიდან ელენე ხოშტარიას წასვლას.
უგულავას განმარტებით, ელენე ხოშტარიას სურს, რომ იბრძოლოს მარტო, რისი უფლებაც მას აქვს.
,,მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ელენეს თანამშრომლობისთვის და წარმატება ვუსურვო. დიდი ხანია, ეს გადაწყვეტილება მომწიფებული იყო, უბრალოდ, ახლა გადავწყვიტეთ, რომ ეს მომენტი ერთობლივად შეგვერჩია. ჩვენ შორის არანაირი უთანხმოება არ ყოფილა. ადამიანს უნდა, რომ იბრძოლოს მარტო, რისი უფლებაც მას აქვს. ყველა ადამიანი ღირებულია, როდესაც გათავისებული აქვს ივანიშვილის მმართველობის საფრთხეები და ელენე ერთ-ერთი წინა ხაზის მებრძოლად დარჩება. სხვა არავის წასვლას არ უნდა ველოდებოდეთ“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა. ხოშტარიას თქმით, გადაწყვეტილება მიიღო, დაიწყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება და ქმნის ახალ პოლიტიკურ პლატფორმას.