დავით ზალკალიანი: იმედი მაქვს, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გათავისუფლდება

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, დავით ზალკალიანი იმედოვნებს, რომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე ზეწოლითა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გათავისუფლდება.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე ყველა პარტნიორი ინფორმირებულია.

„ეს საკითხი მუდმივად დგას ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში და არა მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, არამედ – ყველა პარტნიორთან. მე გუშინ დავასრულე ელჩების ყოველწლიური კონფერენცია, ყველა ელჩს ყველა პარტნიორ და არაპარტნიორ ქვეყანაში აქვს ძალიან მკაფიო დავალება, რომ ეს თემა აიწიოს ყველა უმაღლესი დონის შეხვედრაზე. გახსოვთ, როგორი სიტუაცია იყო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც მისჯილი ჰქონდა პატიმრობა, მაინც მოხერხდა მისი გათავისუფლება. მე იმედი მაქვს, ზეწოლითა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ჩვენ მივაღწევთ ამ შედეგს. ძალიან კარგია, რომ ორი დღის წინ კიდევ ერთი ქართველი გათავისუფლდა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ზაზა გახელაძეც საღსალამათი დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა. საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები