ამირან სალუქვაძე: მართებულია მმართველი პარტიის ინიციატივა, კანონპროექტი პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირ-ს გადაეგზავნოს

„მართებულად მივიჩნევ მმართველი პარტიის ინიციატივას, რომ კანონპროექტი პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს”, – ასე ეხმიანება ექსპერტი ამირან სალუქვაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის ინიციატივას.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ზოგადად, პარტიების დაფინანსება თუ დარჩება, ესეც კარგადაა გასაწერი, რადგან არსებული პრაქტიკა მავნეა.

„შეგიძლიათ იხილოთ ჩემი 2 დღის წინანდელი პოსტი, სადაც ვურჩევ ქართულ ოცნებას წინმსწრებად მოეხდინათ საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. ზუსტად წინმსწრებად ინფორმირება და მათი მხარდაჭერის წინმსწრებად მიღება იქნება ეს ნაბიჯი. დადებითი პასუხის შემთხვევაში კითხვები აღარ დარჩება. ჩემთვის ეს საკითხი ისედაც არაა საკამათო. ადრეც ავხსენი და გავიმეორებ. საქართველოში 250-ზე მეტი პარტიაა. ჩვენ ხომ ყველას არ ვაფინანსებთ? არც იმ 59 პარტიას ვაფინანსებთ, რომლებმაც არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ანუ, ბიუჯეტი არ აფინანსებს ყველა პარტიას, ასევე, არ აფინანსებს პარტიებს არჩევნებში მონაწილეობისთვის. ბიუჯეტი აფინანსებს იმ პარტიებს, რომლებმაც ბარიერი გადალახეს.

არ ვიზიარებ განმარტებებს, რომ თითქოს მათ განვითარებისთვის ვაფინანსებთ. ვინც პარლამენტში მოხვდა, ისედაც უფრო განვითარებულები არიან, ვიდრე ისინი, რომლებიც ვერ მოხვდნენ. თუ განვითარებისთვის ვაძლევთ ფულს, მაშინ სხვა პარტიებს რატომ არ ვაძლევთ ფინანსებს, რატომ სხვას არ ვავითარებთ? ე.ი. თუ პარლამენტში მოხვედრილ პარტიებს ვაძლევთ ფინანსებს, გამოდის რომ არა განვითარებისთვის, არამედ საპარლამენტო საქმიანობისთვის. კერძოდ, პარტიებს სჭირდებათ რეგიონული ოფისების შენახვა, ხალხთან შეხვედრები, საერთაშორისო თანამშრომლობა და სხვა.

თუ პარტია არ შედის პარლამენტში, მაშინ ის რითი განსხვავდება სხვა 250 პარტიისგან და რა დამსახურებისთვის უნდა გამოვუყოთ ფინანსები? რაც შეეხება ბოიკოტს. კანონში კარგად უნდა გაიწეროს რა არის ბოიკოტი და რა არის საბოტაჟი? ბოიკოტია, როცა პარლამენტში, ანუ სამსახურში დადიხარ და სხდომებს არ ესწრები პოლიტიკური მოტივით. როცა სიებს აუქმებ, ან სიებს არ აუქმებ, მაგრამ პარლამენტში არ დადიხარ, ეს არაა ბოიკოტი. ესაა საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა. შესაბამისად, რაც ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინც საპარლამენტო საქმიანობას არ ეწევა, რატომ უნდა დაფინანსდნენ? სოციოლოგიური კვლევების, ეგზითპოლების, ISFED-ის და სხვა ხრიკების გამოყენებით რევოლუციური ფონის შექმნა, შემდეგ პარტიების დამუნათება და საპარლამენტო საბოტაჟი ახალი არჩევნების დანიშვნის მიღწევის მიზნით არის ხელისუფლების მიტაცების მცდელობა.

ზოგადად, პარტიების დაფინანსება თუ დარჩება, ესეც კარგადაა გასაწერი, რადგან არსებული პრაქტიკა მავნეა. ერთკაციანი პარტიები შედიან ბლოკებში, იღებენ დაფინანსებას და ეს საქმიანობა პირად ბიზნესად აქციეს, რასაც საზოგადოებისთვის, ქვეყნის პოლიტიკური სისტემის განვითარებისთვის სარგებელი არ მოუტანია. ბევრი საუბარია მე-5 რაუნდთან დაკავშირებით. ოცნების ადგილზე შევწყვეტდი მოლაპარაკებებს იმ პარტიებთან, რომლებმაც სიები ჩახსნეს. რითი განსხვავდებიან ისინი სხვა პარტიებისგან სიების ჩახსნის შემდეგ? თანაც, ერთსა და იმავეს იმეორებენ.

კარგი იქნება, თუ პირველი ოთხი რაუნდის ქრონოლოგიას გამოაქვეყნებენ, რაზე საუბრობდნენ, შემდეგ ვინ რა განცხადებას აკეთებდა და ა.შ. მოკლედ, პირველი მოსმენით რა ვარიანტი იქნა მიღებული არ ვიცი, მაგრამ ევროსტრუქტურებში ამ კანონპროექტის რევიზია მართებული ნაბიჯია. თუმცა, კარგი იქნება, თუ საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებებს გაითვალისწინებენ და მიიღებენ ისეთ კანონს, რომელიც არ მისცემს ცალკეულ, ერთკაციან პარტიებს პარტიული საქმიანობა ბონუსად აქციონ, ხოლო ეს ერთკაციანი პარტიები თავის სასარგებლოდ მსხვილმა პარტიებმა გამოიყენონ”, – წერს ამირან სალუქვაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები