საგარეო უწყება “აფხაზური ბარათების” თურქეთში გამოყენებაზე – “საქმე გვაქვს რუსეთის მცდელობასთან, რომ რუსული სისტემით დამზადებული ბარათის პოპულარიზაცია მოახდინოს”
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი თურქეთის ორი ბანკის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნული საბანკო პლასტიკური ბარათების APRA World-ის მომსახურების დაწყების საკითხს გამოეხმაურა.
როგორც უწყებაში “კვირას” განუცხადეს, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ყველა შესაბამისი დარგობრივი უწყება საქმის კურსშია და აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ საკითხზე.
“საზოგადოებისთვის რომ გასაგები იყოს, რეალურად, საქმე გვაქვს რუსულ საგადასახადო ბარათ МИР-სა და რუსეთის მცდელობასთან, რომ რუსული სისტემით დამზადებულ ბარათ “აფრა”-ს პოპულარიზაციით მოახდინოს ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ წარმოჩენა.
სინამდვილეში, ბარათი “აფრა” სხვა არაფერია, თუ არა რუსული საგადასახადო ბარათი – МИР, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონში სახელწოდება “აფრა” აქვს მინიჭებული და აფხაზურ ბარათადაა წარმოჩენილი.
რეალურად, სისტემა აფიქსირებს მხოლოდ რუსულ საგადასახადო ბარათ МИР-ს და ტექნიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული იმის იდენტიფიცირება, თუ სადაა დამზადებული МИР-ზე მიბმული კონკრეტული საბანკო ბარათი.
აღნიშნულს ადასტურებენ ჩვენი თურქი პარტნიორებიც, რომლებთანაც უკვე შედგა არაერთი კომუნიკაცია.
შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო მუშაობას ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან აღნიშნულ საკითხზე.
მოგეხსენებათ, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, მით უმეტეს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ყველა მათგანი ურყევად ატარებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და მჭიდროდ თანამშრომლებს ჩვენთან რუსეთის ნებისმიერი უკანონო მცდელობის აღმოფხვრა-პრევენციის მიზნით”, – აღნიშნავენ პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.