ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის ვაქცინაში 16 მილიონია გადახდილი, ის საქართველოში სავარაუდოდ, მარტის თვეში გამოჩნდება
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, მარტის თვეში გამოჩნდება.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ვაქცინისთვის 16 მილიონია გადახდილი.
„საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ვაქცინების გლობალურ ალიანსთან, რაც მნიშვნელოვანი განაცხადი და პლატფორმაა იმისათვის, რომ მოვახდინოთ უზრუნველყოფა ჩვენი მოსახლეობის 20%-ის ვაქცინაციის. ჩვენ თანხა გვაქვს გადახდილი, რაც ლეგიტიმურ უფლებას გვაძლევს როგორც ვაქცინის შეძენაზე, ასევე ვაქცინის არჩევასთან დაკავშირებით. მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. თქვენ იცით, რომ სამინისტროს ფარგლებში შექმნილია უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ყველა მიმართულებით მუშაობს, როგორც ვაქცინის შეძენის კომპონენტზე, ასევე გარე და შიდა ლოჯისტიკურ კომპონენტზე. გარდა ამისა, გამოყენებული გვაქვს არაერთი საერთაშორისო ბერკეტი იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან საჭირო მარაგების მოძიება მოხდეს. ის მნიშვნელოვანი სტუმარი ბატონი კლუგე, რომელიც საქართველოში იყო, ჩვენს აქტივობას მხარს უჭერს და მაღალი ტრიბუნიდან იმ საჭიროებებს დაასახელებს, რაც ქვეყანას სჭირდება. იმ მონაცემებით, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებიდან გვაქვს, სავარაუდოდ, ვაქცინა მარტში გამოჩნდება. 16 მილიონი არის გადახდილი ამ ეტაპზე, რაც წარმოადგენს 25 პროცენტს საერთო ღირებულების”,- განაცხადა ტიკარაძემ.
რაც შეეხება მაცივრებს და ვაქცინის შენახვის პირობებს, როგორც მინისტრობის კანდიდატი განმარტავს ქვეყანას მაცივრები აქვს.
„ამასთან დაკავშირებით ჩატარდა მნიშვნელოვანი აუდიტი დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან. ეს არის ცივი ჯაჭვი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს იმ საჭიროებას, რომელიც არსებობს. ჩვენ გვაქვს სამივე ტიპის ვაქცინის მიღების საშუალება, ქვეყნის მასშტაბით, გეოგრაფიულად გადანაწილების და ასევე პაციენტების უსაფრთხოდ აცრის საშუალებაც“, – განაცხადა ტიკარაძემ.