გიორგი ამილახვარი: ახლა ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა, გადავდგათ თამამი ნაბიჯები და მივიღოთ განათლების ის სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება შრომის ბაზრის მოთხოვნებზე
“ახლა ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა, გადავდგათ თამამი ნაბიჯები და მივიღოთ განათლების ის სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება შრომის ბაზრის მოთხოვნებზე”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გიორგი ამილახვარმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს უსმენდნენ.
მისი თქმით, ახლა უკვე უნდა გადაიდგას ის თამამი ნაბიჯები, რაც განათლების მინისტრის მიერ წარმოდგენილ პროგრამაშია ასახული და რაც „ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო პროგრამის სახით ამომრჩეველსა და მოსახლეობას შესთავაზა.
„სწორედ ეს რეფორმები მაძლევს საშუალებას, ვთქვა, რომ ახლა ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა, გადავდგათ თამამი ნაბიჯები თქვენი პროგრამის ფარგლებში და მივიღოთ განათლების ის სისტემა, რომელიც რეალურ შედეგებზე იქნება დაფუძნებული, დაფუძნებული იქნება იმ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე, რაც დღეს ასე აქტუალურია და ერთხელ და სამუდამოდ დიპლომის აღება არ იქნება შედეგის განმსაზღვრელი, არამედ მთავარი იქნება იმ ცოდნის მიღება, რომელიც კონკურენტუნარიანს გახდის ჩვენს მოქალაქეებსა და სტუდენტებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – საერთაშორისო ბაზრებზე.
ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია თქვენს პროგრამაში ასახული და ნამდვილად იმსახურებს მხარდაჭერას”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
ამილახვარმა მიხეილ ჩხენკელს რამდენიმე კითხვით მიმართა. პირველი კითხვა ეხებოდა უმაღლეს განათლებაში დაფინანსების სისტემის ცვლილებას. დეპუტატი დაინტერესდა ხომ არ არის დრო დაიწყოს მსჯელობა იმაზე, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი საგრანტო თანხის მოცულობა, რაც ამჟამად ერთნაირია ყველა საგანმანათლებლო პროგრამისთვის, გახდეს დიფერენცირებული. ვინაიდან დადგა ის დრო, რომ ვერანაირად ვერ შეიძლება ერთი და იმავე ფასით იყოს დაფინანსებული პროგრამები, რომელიც გაცილებით უფრო ძვირია, მისი ლაბორატორიული თუ ტექნიკური თვითღირებულებიდან გამომდინარე. ასევე შევიმუშაოთ გარკვეული ინიდიკატორები და მივმართოთ ჩვენი დაფინანსება იმ პროგრამებისკენ, რომელიც კონკრეტულ შედეგებს გვაძლევს და რომელიც შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან არის დაკვეთილი.
დეპუტატის თქმით, სამინისტროს წარმატებად შეიძლება, ჩაითვალოს, რომ როგორც ზოგადსაგანმანათლებლო ასევე უმაღლესი და პროფესიული განათლების სფეროში როგორ მოახდინა სიტემამ ადაპტაცია და დისტანციური სწავლებით სრული უწყვეტობა შესთავაზა როგორც მოსწავლეებს, ასევე, სტუდენტებს. „პანდემია არის გამოწვევა, მაგრამ ჩვენ, ვფიქრობ, განათლებაში იმ დაგროვილი გამოცდილებით, მეთოდოლოგიით, იმ სასწავლო რესურსების დიჯიტალიზაციით, რაც ამ სფეროში დაგვიგროვდა, ხომ არ გვეფიქრა ინიციატივაზე, სამომავლოდ გარკვეული დისტანციური სწავლების ჰაბად ჩამოგვეყალიბებინა საქართველო?” მისი შეკითხვა ასევე შეეხებოდა სადოქტორო პროგრამებს. დეპუტატი დაინტერესდა, ხომ არ არის დაგეგმილი გარკვეული დიფერენციაცია, რომ სადოქტორო პროგრამებისთვის შემუშავებული იქნეს ცალკე აკრედიტაციის სტანდარტები.
კიდევ ერთი საკითხი, რითაც გიორგი ამილახვარი დაინტერესდა მეცნიერების კომერციალიზაციის საკითხია. კერძოდ, რა მექანიზმები შეიძლება შეიქმნას და რა სიღრმისეული ნაბიჯებია დაგეგმილი მეცნიერების კომერციალიზაციის ნაწილში.