სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი შესაძლოა, ახალ ფორმატში გაგრძელდეს – რა კონცეფცია შეიმუშავეს ფარულად შამბამ და ბჟანიამ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.პოლიტიკური პარტიების წევრებმა, ექსპერტებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ დამტკიცებული, ე.წ. საგარეოპოლიტიკური კონცეფცია განიხილეს.

როგორც დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ვალერი ქვარჩიამ განაცხადა, სხდომა საზოგადოების მოთხოვნით ტარდება, რადგან კონცეფციაში შეტანილი ერთი პუნქტი მათ შეშფოთებას იწვევს.

კერძოდ, იგულისხმება 2.3 პუნქტი, სადაც საუბარია “აფხაზეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებისთვის მრავალდონიანი დამატებითი ფორმატის შექმნაზე”, რომლის ფარგლებში “იქმნება შესაძლებელი ქართულ მხარესთან ისეთი საკითხების განხილვა, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენენ და ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში შეუძლებელია”. ქვარჩიას თქმით, საზოგადოების შეშფოთება ტერმინმა “მრავალდონიანმა” გამოიწვია.

საკუთარი აზრი ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ დააფიქსირა, რომელმაც თქვა, რომ “კონცეფცია განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს ურთიერთობა გარესამყაროსთან, მათ შორის, რასაკვირველია, მეზობლებთან”.

“მეზობელი ქვეყნები კი რუსეთი, თურქეთი და საქართველოა. ამიტომ, როდესაც სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, საქართველოსთან ურთიერთქმედებაზე საუბრის გვერდის ავლა – იქნებოდა არასწორი. ამ კონცეფციაში მკაფიოდ არის ჩაწერილი, რომ მზად ვართ საქართველოსთან საუბრისთვის ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების საფუძველზე. რა საშიშროება შეიძლება, იყოს, ვერ ვიგებ”, – თქვა მან.

შამბამ განმარტა, რომ ჟენევის პროცესის გაუქმებაზე საუბარი არ მიდის. მისივე თქმით, დოკუმენტი ფარულად არ იყო შემოღებული, “არამედ წინასწარ იყო გაგზავნილი პარლამენტში და ამის შემდეგ ის ერთხმად იქნა დამტკიცებული უშიშროების საბჭოს მიერ”.

თუმცა, შამბას ე.წ.პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ იმაში, რომ კონცეფცია “პარლამენტში” განიხილებოდა. ვეტერანთა ორგანიზაციის – “არუა”-ს თავმჯდომარის მოადგილემ თემურ ნადარაიამ ე.წ. პრეზიდენტს მიმართა, რომ კონცეფცია განსახილველად პარლამენტისთვის იყოს წარდგენილი.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის – “აფხაზეთის სახალხო მოძრაობის” ხელმძღვანელმა, ადგურ არძინბამ აღნიშნა, რომ “რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის დროს საჭიროა ყველა მხარის აზრის გათვალისწინება, რადგან საგარეო პოლიტიკა არ უნდა იცვლებოდეს იმის მიხედვით, თუ რომელი გუნდი მოდის ხელისუფლებაში”. მისი თქმით, “საგარეო უწყებამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, როდესაც თქვა, რომ კონცეფცია პარლამენტში განიხილებოდა”.

ასევე, კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს საზოგადოებრივი ორგანიზაციის “აიდგილარა”-ს თავმჯდომარე კან ქვარჭიამ და სახალხო პარტიის თავმჯდომარე იაკუბ ლაკობამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრი – დაურ კოვე, რომელმაც თქვა, რომ “რაც შეეხება საგარეოპოლიტიკურ კონცეფციაში ცვლილების შეტანას, დოკუმენტში ყველაფერი შეიძლება ჩაიწეროს, მაგრამ წაადგება თუ არა ეს ქვეყანას?!”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები