გრიგოლ გეგელია: დასავლური კრიტიკის გაძლიერება პირდაპირ კავშირშია ერთპარტიული პარლამენტის ქვეყნის პოლიტიკურ რეალობად ჩამოყალიბებასთან
დასავლური კრიტიკის გაძლიერება პირდაპირ კავშირშია ერთპარტიული პარლამენტის ქვეყნის პოლიტიკურ რეალობად ჩამოყალიბებასთან, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას კრიტიკულ შეფასებაში, აღნიშნულია, რომ საქართველომ განიცადა “დემოკრატიული უკუსვლა”.
„ნათელია, რომ დასავლური კრიტიკის გაძლიერება პირდაპირ კავშირშია ერთპარტიული პარლამენტის ქვეყნის პოლიტიკურ რეალობად ჩამოყალიბებასთან. ბუნებრივია, საქართველოში დემოკრატიული პროცესის გადაგვარება ჩვენი უმნიშვნელოვანესი საგარეო პარტნიორების სერიოზული იმედგაცრუების საფუძველს წარმოადგენს, რაც ვნებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას.
დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომ პერიოდში დასავლელთა კრიტიკა მხოლოდ გაძლიერდება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც “ქართული ოცნება” არაფერს არ აკეთებს კრიზისის გადასაჭრელად და, თუკი ასე გაგრძელდა, ეს ფსევდო-პარლამენტი განწირულია იმისათვის, რომ იგი დარჩეს სწორედ ამ ანტიდემოკრატიულ, ერთპარტიულ, არაწარმომადგენლობით ორგანოდ, როგორიც დღესაა.
მაშინ როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა, იქნება ეს ევროპარლამენტარები თუ მსოფლიო რეიტინგები, საქართველოში დემოკრატიის და კანონის უზენაესობის უკუსვლაზე მიგვითითებს, ცინიკურია, რომ პარალელურად საგარეო საქმეთა მინისტრი და საგარეო კომიტეტი დღეს თავის წარმოსახვით სამყაროში საუბრობენ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე. მათ არ ესმით საქართველოს საუკეთესო ევროპელ მეგობართა ხმა, იქნება ეს კუბილიუსი, კრამონი, იუნკევიჩიენე თუ გრეგორევა, რომლებიც ნათლად გვეუბნებიან, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა სრულიად პირდაპირ და მჭიდრო კავშირშია დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებასა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფასთან, რაც სამწუხაროდ არასდროს ყოფილა ანტი-დემოკრატი ხელისუფლების ინტერესებში.
საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება ეს ის პერსპექტივაა, რომელსაც “ლელოში” მყარად ვუჭერთ მხარს და ჩვენი პოლიტიკური შინაარსით ვემსახურებით, განსხვავებით ამ ხელისუფლებისაგან, რომელიც თავისი ანტი-დემოკრატიული ქმედებებით მუდმივად სპობს ამ პერსპექტივის დროულად განხორციელების შანსებს. ჩვენი დღევანდელი ბრძოლა წარმოადგენს სწორედ იმ დემოკრატიული იდეალებისთვის ბრძოლას, რომლის აღსრულებაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებისთვის. სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ ყველა ფორმით ვიბრძოლებთ დემოკრატიული, გამჭვირვალე და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული საქართველოს შესაქმნელად, რაც დაგვირგვინდება საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებით“ ,- აღნიშნა გეგელიამ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.