თეა წულუკიანმა პარლამენტს შესთავაზა, ამნისტია გავრცელდეს იმ პატიმრებზეც, რომელთაც გრძელვადიანი სასჯელი აქვთ
მოსახლეობაში არის მოლოდინი, რომ ამნისტია გაფართოვდეს, მსჯელობისას, ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება, დავსვათ კითხვა, ხომ არ მივცეთ შეღავათი იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ გრძელვადიანი სასჯელი და არ დავრჩეთ იმ პროექტზე, რომელიც ახლა არის,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა პარლამენტის ბიუროს დღევანდე სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებაში ძალიან ხშირად ავტომატურად მიმდინარეობს ამ ამნისტიის პროექტის 2012 წლის ამნისტიასთან შედარება.
„ჩვენ გვახსოვს და ბატონ მიხეილსაც, რომელიც ჩემი პირველი მოადგილე იყო, ახსოვს, რომ პატიმრებში იყო ძალიან დიდი მოლოდინი ამ ამნისტიის. ბატონმა არჩილმა ეს ასევე ძალიან კარგად იცის. დაგვჭირდება ალბათ კიდევ უფრო მკაფიო კომუნიკაცია, რაშიც მზად ვარ, რომ მეც ჩავერთო, რადგან არის კითხვის ნიშნები, რატომ არ არის ეს ამნისტია ისეთივე მასშტაბური, როგორც იყო 2012 წლის. ვფიქრობ, აქ პასუხი მარტივია, ჩვენ 2012 წელს ციხიდან ვუშვებდით ხალხს, ვინც საერთოდ უმრავლესობა მათგანი დამნაშავეც კი არ იყო და იყო ციხეში.
მაგრამ ეს ვერაფერს შველის იმას, რომ არის მოლოდინი, ეს ამნისტია გაფართოვდეს. მსჯელობისას, ალბათ ჩვენ დაგვჭირდება დავსვათ კითხვა, ხომ არ მივცეთ ასევე შეღავათი იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ გრძელვადიანი სასჯელი და ვთქვათ, არ დავრჩეთ იმ პროექტზე, რომელიც ახლა არის, ეს კითხვის ნიშანი არის.
ამ კითხვის ნიშანს თუ ჩვენ არ დავსვამთ, საზოგადოება სვამს უკვე ამ კითხვას და თავს მოვიტყუებთ. ამიტომ ალბათ იურიდიულ კომიტეტში და თქვენთანაც კარგი იქნება, თუ ამ კითხვაზე ერთად ვიმუშავებთ, არის ეს საბოლოო ვერსია, თუ ოდნავ მაინც უნდა გაფართოვდეს.
აქვე შეგახსენებთ, რომ სამწუხაროდ, რუსეთ-თურქეთის შემდეგ, საქართველო ევროსაბჭოს სივრცეში კვლავ არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტი პატიმარი ჰყავს. სანამ თანამდებობას დავტოვებდი, იმ მდგომარეობით, დღეს ალბათ დიდად არ შეცვლილა, 7 500 მსჯავრდებული და 2 500 ბრალდებული ჰყავს ქვეყანას, რაც პატარა ქვეყნისთვის ბევრია.
ამას ვერ უშველის ვერც პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი, რომელიც ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან გავააქტიურეთ. ალბათ ყველას გსმენიათ ბოლო თვეებში რაოდენ პოპულარულია ე.წ. სამაჯური, რაც სინამდვილეში შინაპატიმრობაა, მაგრამ ეს ვერ ჩაანაცვლებს ამნისტიას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც შეწყალების ინსტიტუტი გახდა საკმაოდ პასიური. ამიტომ, მე თქვენის ნებართვით ჩავერთვებოდი თქვენს სამუშაოებში და ერთად ხომ არ ვნახოთ, რას ვაკეთებთ. ეს, რა თქმა უნდა, ვერ შეეხება ოჯახში ძალადობას, რადგან შეიძლება უფრო ცუდ შედეგებამდე მივიდეთ, მაგრამ გეტყვით, რომ ეს პროექტი ალბათ საზოგადოებისთვის ბოლომდე დამაკამაყოფილებელი ვერ იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, წარმოდგენილ პროექტში არის ის, რაც 2012 წლის ამნისტიაში არ ყოფილა – სისხლის სამართლის ჯარიმებზე ამნისტია.
„აქაც ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების მოსაზრებები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ვინაიდან 2012 წელს მაშინდელმა ჩვენმა კანონმდებელმა დაივიწყა უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირები და დღეს მათ ეს მწარედ ახსოვთ, თქვენი ყველას სახელით ვუთხრა, ბატონი არჩილი იყო ასევე მათი დიდი გულშემატკვარი, რომ ამ პროექტით როგორც იქნა უვადო პატიმრები არ არიან დავწიყებული. ისინი ყოველ დღე თვალს ადევნებენ ამ კანონპროექტის შესახებ მსჯელობას. მინდა, გითხრათ, რომ ძალიან ბევრ იურისტზე უკეთეს იურისტებად ჩამოყალიბდნენ საპატიმროში, ძალიან კარგად ესმით ყველა ის ნიუანსი, რაც შეიძლება კანონპროექტში მათ შესახებ ეწეროს. ამიტომ ბატონ მიშას (მიხეილ სარჯველაძე) მადლობა მინდა ვუთხრა, რომ პატიმრების ეს სეგმენტი არ დაივიწყა და და ამ პროექტში არის ჩადებული“, – განაცხადა წულუკიანმა.